Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური ოპოზიცია ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას აპროტესტებს


აფხაზური ოპოზიცია აპროტესტებს დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის, ბენურ კვირაიას „საქართველოს რესპუბლიკაში ჩასვლას პირდაპირ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკებისთვის“.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას დავალებით, „აფხაზეთის უშიშროების სამსახურთან“ შეთანხმებით და ორი პირის თანხლებით, კვირაიას ვიზიტი 25 თებერვალს შედგა.

„სახალხო მოძრაობა“ აპროტესტებს სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოსაც, რომელზეც, მისი განცხადებით, ბენურ კვირაია სუფრასთან სვამს ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს და ქართველ ხალხთან საერთო ისტორიასა და ძმობაზე ლაპარაკობს მაშინ, როცა ეს მეგობარი აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა და აფხაზების მტერია.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ თანახმად, ასლან ბჟანია თანმიმდევრულად ცდილობს საზოგადოებრივ შეგნებაში დაამკვიდროს აზრი, რომ საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგი ახალი გზაა და ამ იდეის პრაქტიკულად განხორციელებაც დაიწყო, მაშინ როცა „ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მიმართ სულ უფრო აგრესიულ რიტორიკას იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებს“.

ოპოზიციური მოძრაობის განცხადებით, ასლან ბჟანია გარშემო იკრებს ადამიანებს, რომლებიც საქართველოს შესახებ მის შეხედულებებს იზიარებენ და ეჭვი აღარ რჩება, რომ ეს „ეროვნული ინტერესების პირდაპირ ჩაბარებაა“.

სახალხო მოძრაობა მიიჩნევს, რომ ბჟანიამ წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც ართმევს მორალურ უფლებას, ჰქონდეს „აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 53-ე მუხლით გაწერილი უფლებამოსილება, განსაკუთრებით სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრის ნაწილში“.

დღესვე, აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ 12:00 საათზე სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქციას გეგმავს და იწვევს ყველას, ვინც აღშფოთებულია საქართველოში ჩინოვნიკების ჩასვლით და აფხაზეთის მტრების სადღეგრძელოს ამსახველი ვიდეოთი.

ქართულ მხარესთან აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის მოლაპარაკების შესახებ დღემდე რაიმე სხვა წყაროებით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

1 მარტს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად.

XS
SM
MD
LG