Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმას კორუფციის პრევენციის  კომპონენტი აკლია


COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაცია უნდა მოხდეს, არაა შეფასებული კორუფციული რისკები და არაა გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი ქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებები, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ორგანიზაციის დასკვნაში ნათქვამია, რომ კორუფციის რისკების წინასწარ გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა პრობლემები და შეფერხებები შეუქმნას იმუნიზაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს.

„პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის ეტაპი, პროცედურა და პასუხისმგებელი პირი/დაწესებულება, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ვაქცინაცია. დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სწორად და შეცდომების გარეშე ჩატარების უზრუნველყოფას, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს.

თუმცა, პრობლემურად მიგვაჩნია, რომ გეგმაში არ არის სათანადოდ გათვალისწინებული იმუნიზაციის პროცესში ჩართული მრავალი ადამიანისა თუ დაწესებულების მიერ (ამცრელები, მობილური ბრიგადები, ჯანდაცვის ცენტრები, მუნიციპალური ორგანოები და ა.შ.) მათთვის დელეგირებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენცია, აღმოჩენა და მათზე რეაგირება“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში, რომელშიც დასმულია შეკითხვებიც, რა ხდება მაშინ, თუ:

  • რომელიმე მოქალაქე გადაწყვეტს ნაცნობობის, ქრთამის, გავლენის ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით ვაქცინის დროზე ადრე მოპოვებას?
  • იმუნიზაციის რომელ ეტაპზეა ამის ყველაზე მეტი რისკი?
  • და არის თუ არა მოფიქრებული ასეთი შემთხვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების მექანიზმები?

ამ კითხვების პასუხად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თანახმად, იმუნიზაციის პროცესში კორუფციის რისკების შესამცირებლად აუცილებელია ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა:

  • ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმას დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი / თავი, რომელიც დაეფუძნება კორუფციული რისკების შეფასებას და რომელშიც გაწერილი იქნება როგორც ამ რისკების შემცირების ზომები, ისე დარღვევების დადგენის შემთხვევაში გამოსაყენებელი შესაბამისი სიმკაცრის სანქციები.
  • დაინერგოს იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების მხილების და ასეთ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმი. დარღვევების მხილება შესაძლებელი უნდა იყოს ამცრელებისთვის მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით, სადაც მამხილებელთა ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.
  • იმუნიზაციის გეგმით გათვალისწინებულ ტრენინგებს უნდა დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კორუფციის რისკების შეფასების შედეგებზე და ტრენინგის მონაწილეებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • იმუნიზაციის პროცესი წარიმართოს სრული გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, რათა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ჰქონდეს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა კონტრაქტის (მაგ: ვაქცინების, სახარჯი მასალების, იმუნიზაციის სერვისების შესყიდვა და ა.შ.) გამოქვეყნებას, ისე აცრილი მოსახლეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ გამოთქვამენ იმედს, რომ მოხდება გეგმის ადაპტირება და ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე დაინერგება კორუფციის რისკების შეფასებისა და პრევენციის მექანიზმები, რათა არაკეთილსინდისიერმა ქმედებებმა და კორუფციამ ვერ შეძლოს იმუნიზაციის პროცესის დაზიანება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG