Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში ისევ უკუსვლას აჩვენებს


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2021“, რომელიც ასახავს მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას.

საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100-იდან 60 ქულა აქვს. ბოლო წლებია ქვეყნის რეიტინგი უარესდება. 2017 და 2018 წლებში საქართველოს 64 ქულა ჰქონდა, 2019-ში 63 და 2020 წელს 61.

2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური უფლებები 40-იდან 23 ქულითაა შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებები - 60-იდან 37-ით.

მაღალი ქულა, ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის მიხედვით, უკეთესი ვითარების ამსახველია;

ანგარიშის თანახმად, საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და მისი დემოკრატიის ტრაექტორიას გაუმჯობესების ნიშნები ჰქონდა 2012-2013 წლებში, რაც მთავრობის შეცვლას უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო წლებია უკუსვლას განიცდის.

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკურ საქმიანობაზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედიაგარემოზე და პოლიტიზაცია ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული.

„ფრიდომ ჰაუსი“ წერს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც მესამე ვადით გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ჩრდილი მიაყენა ხმების მოსყიდვამ, ძალადობის შემთხვევებმა და ხმების დათვლისას აშკარა შეცდომებმა, რამაც ოპოზიციას ბოიკოტისკენ უბიძგა.

ანგარიშში საუბარია საქართველოში საკანონმდებლო და აღმასრულებელ გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელოვანი არაფორმალური გავლენის შესახებ და ხელისუფლების კეთილგანწყობაზე ივანიშვილის მიერ დაარსებული „თანაინვესტირების ფონდის“ მიმართ. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში, მთავრობის შიგნით კორუფცია პრობლემად რჩება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში მედიაგარემო პლურალისტური, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულია, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბრალს სდებენ მთავრობისადმი კეთილგანწყობაში, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე მედიასაშუალება კი პოლიტიკურ ზეწოლას უჩიოდა. ანგარიშში მოხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან კავშირის მქონე ყალბი გვერდების და ანგარიშების დახურვა კომპანია ფეისბუკის მიერ.

„ფრიდომ ჰაუსი“ ასევე, წერს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია აღმსარებლობის თავისუფლება, თუმცა, უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებელ ეკლესიას. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები უჩივიან დისკრიმინაციას და მტრულ დამოკიდებულებას, მათ შორის, მართლმადიდებელი სასულიერო პირების და მრევლის მხრიდან და სახელმწიფოსგან არასათანადოდ არიან დაცულნი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში შეკრების თავისუფლება უმეტესად დაცულია, თუმცა, ზოგჯერ პოლიცია გადამეტებულ ძალას იყენებს. მაგალითად მოყვანილია 2019 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილის პარლამენტში შეჭრის მცდელობის შემდეგ, პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება დემონსტრანტების წინასწარ გაუფრთხილებლად და ადამიანთა დასახიჩრება. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ივნისში, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, გარანტირებულად დაეცვა თბილისში დაგეგმილი „ლგბტ პრაიდის“ უსაფრთხოება.

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში განხორციელებული სასამართლო რეფორმის მიუხედავად, არსებით პრობლემად რჩება სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა და სასამართლო დავების განხილვის გამჭვირვალობის და პროფესიონალიზმის პრობლემა. ანგარიშში მოხვდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა, რომელიც მოჰყვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს.

ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს კორონავირუსის ეპიდემიის გამო 2020 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე დაწესებულ შეზღუდვებზეც და აღნიშნავს, რომ ეს ზომები დიდწილად საფრთხის პროპორციული იყო, თუმცა, მთავრობის მხარდამჭერი ბიზნესმენები იმარჯვებდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტენდერებში.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში 195 დამოუკიდებელი ქვეყნის გარდა, შეტანილია 10 ტერიტორიაც. მათ შორის, აფხაზეთი, „სამხრეთი ოსეთი“, მთიანი ყარაბაღი და ყირიმი. აფხაზეთი და მთიანი ყარაბაღი ნაწილობრივ თავისუფალთა კატეგორიაში არიან 40 და 35 ქულით, ხოლო „სამხრეთი ოსეთი“ და ყირიმი - არათავისუფალში, 10 და 7 ქულით.

უფლებადამცველი ორგანიზაცია, ზოგადად, მიუთითებს, რომ გლობალური თავისუფლება მეთხუთმეტე წელია იკლებს. 195 დამოუკიდებელი ქვეყნიდან, 2020 წელს საერთო ქულა გაუუარესდა 73-ს და წინსვლა ჰქონდა მხოლოდ 28-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG