Accessibility links

site logo site logo

ზალკალიანი: გაგვიჭირდება ეკონომიკური პროექტების განხილვა ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ეკონომიკური პროექტების განხილვა გაჭირდება. ეს განცხადება 3+3 პროექტთან დაკავშირებით დავით ზალკალიანმა გააკეთა თურქეთში, სადაც იგი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დავით ზალკალიანის თქმით, ფორმატთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ასევე თურქეთის, ირანისა და რუსეთის ჩართულობას, საქართველოს პოზიცია ნათელია - იგი ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკურ პროექტებზე ვერ ისაუბრებს.

„ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა პარტნიორების მხრიდან შემოთავაზებები გარკვეულ ფორმატებში გაერთიანებასთან დაკავშირებით, გაჟღერდა კიდევაც 3+3, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ის დიდი ქვეყნები, რომლებიც არიან პროცესთან დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ თურქეთის, რომელიც ზრუნავს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა, რეგიონის სტაბილურობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება და რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მისაღები ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს თანამშრომლობა, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას. უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მაქვს მხედველობაში. ძნელად წარმოსადგენია, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და, სამწუხაროდ, აგრძელებს არამართლზომიერ და არაკანონიერ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბორდერიზაცია იქნება ეს თუ უკანონო დაკავებები, საუბარი და განხილვაც კი გაგვიჭირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების. მე ამას ძალიან მკაფიოდ განვუმარტავ ჩემს თურქ კოლეგას. იმედი მაქვს, ამას გაგებით მოეკიდებიან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრამდე.

მისივე თქმით, საქართველომ მეზობლებს შესთავაზა თბილისი, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის.

ექვსეულის პლატფორმის შექმნის შესაძლებლობის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში გასული წლის მიწურულს განაცხადა. მისი შეფასებით, თანამშრომლობა კარგი იქნებოდა რეგიონის განვითარებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი პირისპირ უკვე შეხვდა თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს. მიმდინარეობს გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის შემდეგ პრესკონფერენციაა დაგეგმილი. დღესვე გაიმართება შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქთაისთანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG