Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში, აქციების ჩატარების გეგმებს ცვლის


ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში არიან და, ამავდროულად, ჯერ არ შესულან პარლამენტში, აქციებთან დაკავშირებით არსებულ გეგმებს ცვლიან. ახალი შეთანხმების შესახებ მედიას ინფორმაცია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მიაწოდა.

"იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი საფუძველი, დამატებითი მიზეზი, რომ უარი თქვას მოლაპარაკებებზე ან ჩაშალოს, ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რაც იყო წინააღმდეგობის, არაძალადობრივი აქციები, გადაგვედო დროებით, ვიდრე არ დასრულდება მოლაპარაკების ვადა, რომელიც განსაზღვრული იყო 16 მარტამდე", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამ შეთანხმების ფარგლებში 13 მარტს დაგეგმილი აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირების აქციები გადაიდო. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ხვალ მსვლელობა გაიმართება რესპუბლიკის მოედნიდან "რუსთავის ციხემდე", სადაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიაა.

"ყველაფერი არ მოიხსნება. მცირე საპროტესტო ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილი იყო სასამართლოსთან, ისე, როგორც პოლიციასთან, განვიხილავთ მათ მოდიფიკაციას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე შეკრებილმა ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირება. 5-დან 13 მარტის ჩათვლით იგეგმებოდა მთავრობის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს პიკეტირება, მათ შორის, 13 მარტს პარლამენტთან დიდი აქცია.

ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ. არსებული კრიზისის ფონზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, 1 თებერვალს შედგა.

ამ შეხვედრიდან რამდენიმე საათში ოპოზიციის ორგანიზებით პარლამენტის შენობის პიკეტირების აქცია გაიმართა, რაც "ქართულმა ოცნებამ" დესტრუქციულ ქმედებად შეაფასა.

"კონსტრუქციული შეხვედრა შედგა შარლ მიშელის ინიციატივით და მე დავთანხმდი ამ შეხვედრას, რადგან კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან 12 საათში, დესტრუქციული ქმედება მათ გააგრძელეს, ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც არის სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო", - განაცხადა აქციის გამართვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG