Accessibility links

site logo site logo

მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რადიო თავისუფლების აპელაცია "როსკომნადზორის" ჯარიმებზე


მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ 3 მარტს არ დააკმაყოფილა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების სააპელაციო სარჩელი. რთე/რთ ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 10 თებერვლის განაჩენს, რომლითაც სასამართლომ დაადასტურა კორპორაციისთვის „როსკომნადზორის“ მიერ დაკისრებული ჯარიმები. „როსკომნადზორმა“ რთე/რთ-ს ჯარიმები დაუწესა იმის გამო, რომ, მედიის მარეგულირებლის თანახმად, მედიაკორპორაცია არღვევდა „უცხოეთის აგენტების“ თაობაზე კანონს და თავის მასალებს არ უკეთებდა შესაბამის მარკირებას.

„რთე/რთ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილებას,“ განაცხადა მედიაკორპორაციის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ. „ჩვენ არ ვეთანხმებით არც სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ჩვენი საჩივრის უარყოფის თაობაზე“.

რთე/რთ-ის პრეზიდენტით თქმით, „როსკომნადზორის“ ახალი ბრძანება არის სახელმწიფოს შეტევა მასმედიის თავისუფლებაზე და არღვევს რუსეთის კონსტიტუციასა და „მედიის შესახებ“ კანონს. ფლაის თქმით, კორპორაცია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ განაჩენს.

„როსკომნადზორის“ მოთხოვნით, რთე/რთ-ის ის პროექტები, რომლებიც რუსეთის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი, მარკირებული უნდა იყოს როგორც „უცხოეთის აგენტის“ მიერ მომზადებული მასალები. მარკირება უნდა გაუკეთდეს ყველა ტექსტს საიტებზე, შეტყობინებებსა და პოსტებს სოცქსელებში - მიუხედავად მათი ზომისა.

დღემდე რთე/რთ-ის წინააღმდეგ „როსკომნადზორის“ 142 ჯარიმაა გამოწერილი. მათმა საერთო ღირებულებამ 70 მილიონ რუბლს შეიძლება გადააჭარბოს. „როსკომნადზორი“ აცხადებს, რომ ის მზადაა, ჯარიმები გაზარდოს და რომ რუსეთის კანონმდებლობა საიტების დაბლოკვასაც ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG