Accessibility links

site logo site logo

ჰააგის სასამართლომ დაიწყო პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებების გამოძიება


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ოფიციალურად დაიწყო პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის სავარაუდო, სამხედრო დანაშაულის გამოძიება. პროკურორ ფატუ ბენსუდას განმარტებით, გამოძიება მოიცავს 2014 წლიდან განვითარებულ მოვლენებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზის სექტორში.

გამოძიება სავარაუდოდ, კონცენტრირებული იქნება ღაზის სექტორში ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციებსა და დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობაზე.

ჰააგის სასამართლო უფლებამოსილია სავარაუდო სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება აწარმოოს „რომის სტატუტის“ წევრ ქვეყნებში. ისრაელს ეს საერთაშორისო შეთანხმება რატიფიცირებული არ აქვს, თუმცა, ჰააგის სასამართლომ ჩათვალა, რომ იურისდიქციას ფლობს, რადგან 2015 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა „რომის სტატუტთან“ პალესტინელების შეერთება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ანტისემიტიზმის და თვალთმაქცობის მწვერვალი უწოდა. მისი განცხადებით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ისრაელის მამაცი და მორალურად სუფთა ჯარისკაცები, რომლებიც დედამიწაზე ყველაზე სასტიკ ტერორისტებს ებრძვიან, სამხედრო დამნაშავეები არიან.

ისრაელს მხარი დაუჭირა აშშ-მა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ განაგრძობს ისრაელის დახმარებას მისი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და წინააღმდეგობას გაუწევს ნებისმიერ უსამართლო აქციას.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ პალესტინის ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიად მალიკი და დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG