Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს


ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა

საქართველოში შექმნილი ვითარება იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტებმა, გიტანას ნაუსედამ და კერსტი კალიულაიდმა ილაპარაკეს, ვილნიუსში 3 მარტს გამართულ შეხვედრაზე.

ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაცით, სახელმწიფოს მეთაურებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მოტივაციის მიცემაზე. გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის საიმედო ვაქცინებზე წვდომის უზრუნველყოფა. გიტანას ნაუსედამ კერსტი კალიულაიდს შესთავაზა ამ მხრივ, ერთობლივი ინიციატივის განხილვა.

ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მიმართ ორივე ქვეყანას მორალური ვალდებულებები აქვს. კალიულაიდის თანახმად, განიხილეს ბელარუსის ხალხის მომავალი პერსპექტივა, უკრაინაში რეფორმების პროცესი და საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები.

საქართველოში, ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება. როდის გაგრძელდება მოლაპარაკება, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია", ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება კი თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა.

XS
SM
MD
LG