Accessibility links

site logo site logo

5-თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთის შეხვედრები განახლდება


ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ხვალ, 5 მარტს, გაიმართება. ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებენ.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული 5 მარტს ჩანიშნულ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

2 მარტს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს გენადი ბესტაევს, რომელიც 1 წელი და 4 თვეა, რაც ცხინვალის ციხეში იმყოფება. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდასაც ედავებიან. ერთ-ერთი ბოლო მოქალაქე, ვისაც მანამდე ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობა მიუსაჯეს, ზაზა გახელაძეა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო სამუშაო შეხვედრა გასული წლის სექტემბერში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG