Accessibility links

site logo site logo

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე PHR-მა პროკურატურის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა


ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებული ერთი პირის ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR).

თებერვალში ორგანიზაციამ ბათუმის რაიონულ პროკურატურასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას მიმართა, 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტისთვის გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. პროკურატურამ არ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და უარი თქვა ქმედების კვალიფიკაციის შეცვლაზე.

„საქმეში არსებული გარემოებებიდან იკვეთება, რომ სახეზე იყო ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება, რაც გამორიცხავდა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად ინფორმირებული თანხმობის გაცემას, ეს კი საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს გაუპატიურებას და არა ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს“, - წერს ორგანიზაცია.

პროკურატურის გადაწყვეტილება PHR-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა პროკურატურის უარის გაუქმება და 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, სექსუალური ძალადობის ნაწილში, კვალიფიკაციის შეცვლა.

ქობულთის მუიციპალტეტში გარდაცვლილი 14 წლის ნინის საქმეზე ორი პირია დაკავებული. ერთი ბრალდებული 23 წლის კაცია, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. ახალგაზრდა კაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

15 თებერვალს დააკავა გამოძიებამ ნინის ბაბუა, 76 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 წლის გოგოს ცხედარი 9 თებერვალს აღმოაჩინეს. მოზარდის დედა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ბაბუამ და ოჯახის ნათესავმა კაცებმა სექსუალური ძალადობის ფაქტი შეიტყვეს, გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება გოგონას მიმართ სხვა, შესაძლო ძალადობის ფაქტებზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG