Accessibility links

site logo site logo

დონბასელი სეპარატისტების აფხაზ ლიდერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


ახრა ავიძბა

სოხუმის დე ფაქტო სასამართლომ აღკვეთის ზომად ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილ თანაშემწეს, დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი უკანონო დაჯგუფების მეთაურს, ახრა ავიძბას. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ბრალდების მხარე ორთვიან პატიმრობას ითხოვდა.

ავიძბა სოხუმში 4 მარტს დააკავეს, 6 მარტს კი ბრალი წაუყენეს პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იარაღის უკანონოდ შენახვაში. ამ ბრალდებით, ახრა ავიძბას 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს თანახმად, „სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან“ ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში, ახრა ავიძბას საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილია სხვადასხვა კალიბრის ტყვიები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნები და ტყვიამფრქვევები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები და რადიოგადამცემი მოწყობილობები.

4 მარტს, ახრა ავიძბასთან ერთად დააკავეს 5 პირი. სააგენტო „ტასი“ სოხუმის ე.წ. სასამართლოზე დაყრდნობით წერს, რომ ხუთიდან ოთხს ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი, 9 მარტს გაათავისუფლებენ. 4 დაკავებული დონეცკის მცხოვრებია, ერთი კი - ყაბარდო-ბალყარეთის.

ახრა ავიძბამ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნა ახალი გაერთიანება, „ახალი ადამიანები“. ამ განცხადებას წინ უძღოდა ავიძბას მონაწილეობა სოხუმში, 2 მარტს გამართულ აქციაში, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ ქართულ მხარესთან დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის, ბენურ კვირაიას კონტაქტებს.

2021 წლის იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ახრა ავიძბა ძებნილად გამოაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურმა. ავიძბას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის, ტერორისტული ჯგუფის შექმნა, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სასტიკი მოპყრობა. ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება.

ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

2020 წლის ივნისში ახრა ავიძბა დანიშნეს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ საერთაშორისო საკითხებში. მან „თანამდებობა“ 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „საერთო საქმისადმი რწმენა დაკარგა“.

2020 წლის ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭში მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG