Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არ არსებობს


პარლამენტარი, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი გამოძიების დაწყების იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც 6 მარტს ტვ პირველის ეთერში გავიდა. ჩანაწერები სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათში სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის, მოქმედი პრემიერ-მინისტრის და ბერას ყოფილი მენეჯერის, ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის ყოფილი ხელმღვანელის, ანზორ ჩუბინიძის საუბარი ისმის. ამ ჩანაწერის შინაარსის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს, მოძებნონ და "ჭკუა ასწავლონ" იმ პირებს, ვინც ფეისბუკზე ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარებს წერს მასზე.

სარჯველაძე აცხადებს, რომ გამოძიება იწყება მაშინ, როცა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს.

"ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს, გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. მისი ვარაუდით, ჩანაწერების გავრცელება, შესაძლოა, მოლაპარაკების ჩაშლას ისახავდეს მიზნად.

"ჩვენგან სრული მზადყოფნა გამოიხატა, რომ შევძლოთ და ყველა ის საკითხი, რაც შეიძლება იყოს განსახილველი მოლაპარაკების პროცესში, მაქსიმალურად შევაჯეროთ და მაქსიმალურად გვქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ შედეგიან მოლაპარაკებაზე. თუმცა, კვლავაც იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს შეიძლება სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს მოლაპარაკებასთან მიმართებაში და მოქმედებდნენ დესტრუქციულად, მათ შორის, მოლაპარაკებებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, ოპოზიციისგან იყოს მზადყოფნა, სხვაგვარად, მე ვფიქრობ, მოლაპარაკება გართულდება.

როცა ადამიანს არ სურს მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ის ყოველთვის შეძლებს იპოვოს მიზეზი, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიიღოს.

მათ შორის, ესეც უნდა განვიხილოთ, რომ თუნდაც, იმ საშუალებით, რასაც ჰქვია აუდიოჩანაწერის გავრცელება გარკვეული ინსინუაციებისთვის, ხელოვნურად მიზეზების შექმნა შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ რეალურად მოლაპარაკება არ შედგეს, არ იყოს შედეგიანი. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში", - განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილობით მიმართა გენერალურ პროკურატურას პარტია "ლელომ". ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი, ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე აქცია გამართეს აქტივისტებმაც.

საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ - ჩანაწერს არც საქართველოს მთავრობა გამოხმაურებია. ჩანაწერის გავრცელებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ განცხადება გაავრცელა პარტია "ქართულმა ოცნებამ", სადაც არ უარყვეს გავრცელებულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა, მხოლოდ თქვეს, რომ ის იმ დროს არის გაკეთებული, როცა ქართული ოცნება ხელისუფლებაში არ იყო და საუბრის მონაწილე არც ერთ პირს საჯარო თანამდებობა არ ეკავა. ქართული ოცნების ვერსიის მიხედვით, ჩანაწერი 2010-2011 წელს მიყურადების შედეგად ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია, რომელიც ასახავს "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას კომუნიკაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG