Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერას საუბარი ღარიბაშვილსა და ჩუბინიძესთან - რას გამოიძიებს პროკურატურა


ბერა 2012 წელს თბილისში, პარტიის მხარდასაჭერად მღერის
ბერა 2012 წელს თბილისში, პარტიის მხარდასაჭერად მღერის

6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში გასულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ, ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია არც მოქმედ პრემიერ-მინისტრს და არც გენერალურ პროკურატურას.

ოპოზიცია სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს, არასამთავრობო სექტორი პრემიერისგან განმარტებებს ელის, მმართველი პარტია კი ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს და ამბობს, რომ ჩანაწერები მათი გაკეთებულია იმ დროს, როცა ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი კი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა.

ყველა იმ კითხვაზე, რაც სატელეფონო საუბრების გავრცელების შემდეგ საზოგადოებას გაუჩნდა, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მთავარი საკითხი - ჩანაწერების ავთენტურობის დადგენაა. თუკი დადასტურდება, რომ მასში მართლაც პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის და მმართველი პარტიის დამფუძნებლის ვაჟის სატელეფონო საუბარია, მაშინ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როდის და როგორ უსწორდებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ პირებს, ვინც სოციალურ მედიაში, სავარაუდოდ ფეისბუკში, ბერა ივანიშვილისთვის არასასურველ კომენტარებს ტოვებდნენ, იყენებდნენ თუ არა ისინი სახელმწიფოს რესურსს პირადი ანგარიშსწორების იარაღად და რამდენად ფართო იყო „სადამსჯელო რაზმების“ მოქმედების არეალი.

პოლიტიზებული მართლმსაჯულებიდან გამომდნარე, ოპოზიცია გამოძიების პროცესში უცხოელების ჩართვას ითხოვს. იურისტები საუბრობენ იმაზეც, რომ საქმესთან სავარაუდოდ კავშირში მყოფი მაღალი თანამდებობის პირები გამოძიების დასრულებამდე უნდა გადადგნენ, თუმცა პროკურატურის დუმილის ფონზე რთული სათქმელია, დაიწყება თუ არა საერთოდ გამოძიება.

მმართველი პარტიის წევრების განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება შეიძლება არა ჩანაწერში მონაწილე პირების სავარაუდო დანაშაულის დასადგენად, არამედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაიწყოს იმის დასადგენად, როდის და ვინ უსმენდა საუბრის მონაწილეებს და როგორ გაკეთდა ან გავრცელდა ეს ჩანაწერები. ამგვარი განცხადებები წინააღმდეგობაშია „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკასთან, რომლის თანახმადაც, ისინი არა მხოლოდ მზად იყვნენ, არ გაეგრძელებინათ წინა ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკა ჩანაწერების წარმოების და შენახვის შესახებ, უნდა გაენადგურებინათ ყველა ის ჩანაწერი, რომელიც უკანონო თვალთვალისა და მოსმენის შედეგად იყო დამზადებული და შენახული. ეს პირობა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დადო, 2013 წლის 5 სექტემბერს კი თავად ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ჩანაწერები [ჯამში 26 000 ფაილი] განადგურებული იყო.

სანამ პროკურატურა დუმს, პარლამენტარები მმართველი პარტიიდან ამბობენ, რომ გამოძიების დასაწყებად საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული საუბარი 2010-2011 წლებში შედგა, ანუ მანამ, სანამ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდოდა. მათი მტკიცებით, ეს ჩანაწერები „ფაბრიკაციაა” და ბევრი სხვადასხვა ჩანაწერის მონტაჟია. „ქართული ოცნება“ ამ გზავნილების გასავრცელებლად ფეისბუკზე რეკლამასაც იყენებს.

ნოდარ მელაძე, ჟურნალისტი, რომლის გადაცემაშიც გავიდა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მათ ანონიმურმა წყარომ სულ 4 აუდიოფაილი დაახლოებით 10 დღის წინ მიაწოდა. თითოეული ფაილი ერთ სატელეფონო ჩანაწერს მოიცავს. პირველი ორი ჩანაწერი ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის სხვადასხვა დროს შემდგარ სატელეფონო საუბარს მოიცავს, მესამე ჩანაწერში ანზორ ჩუბინიძე ელაპარაკება ირაკლი ღარიბაშვილს, მეოთხე ჩანაწერში კი ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი ისმის. ნოდარ მელაძე გვიყვება, რომ ჩანაწერები აუდიომონტაჟის პროგრამაში გახსნისას არ გამოიყურება ისე, როგორც სხვადასხვა ჩანაწერის კომპილაციით მიღებული ხმა. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, როდის და ვის მიერ არის გაკეთებული ეს ჩანაწერები და ამიტომაც აჭიანურებენ გამოძიების დაწყებას.

„ამ ჩანაწერების თარიღი არ ვიცით. თუკი გამოძიება დაიწყება, კანონით მინიჭებული უფლებით ვისარგებლებთ და წყაროს, ვინც ეს ჩანაწერები მოგვაწოდა, არ გავამხელთ. რაც შეეხება ჩანაწერების გადაცემას, ამაზე გვინდა გავიაროთ კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ძალიან მაღალი ნდობა არ გვაქვს საგამოძიებო სტრუქტურების და დიდად არ გვჯერა, რომ თუკი [პროკურატურას] ჩანაწერების იმ ასლს გადავცემთ, რაც ჩვენ გვაქვს, კეთილსინდისიერად ჩაატარებენ ან ექსპერტიზას, ან გამოძიებას, მით უმეტეს, როდესაც ამ ჩანაწერის სავარაუდო ფიგურანტები არიან მაღალ თანამდებობებზე და შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ გამოძიებაზე”, - ამბობს ნოდარ მელაძე. ის არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიამ შესაძლებელია თავად გააგზავნოს ჩანაწერები ექსპერტიზაზე.

მმართველმა პარტიამ ჩანაწერების გავრცელებიდან მეორე დღესვე თქვა, რომ სატელეფონო საუბარი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს არის უკანონოდ ჩაწერილი და მათი გავრცელებაც ოპოზიციის ინტერესებში შედის ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად და პოლიტიკური დიალოგის ჩასაშლელად.

„ლელოს“ წევრი და იურისტი, კახა კოჟორიძე, რომელმაც დღეს კოლეგებთან ერთად პროკურატურას წერილობით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, ამბობს, რომ ჩანაწერების ხანდაზმულობის და ავთენტურობის დადგენა არ არის პოლიტიკოსების საქმე და სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად არის საჭირო ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიების დაწყების ვალდებულება მათი განცხადების გარეშეც ჰქონდა.

„კანონი პირდაპირ მიუთითებს გამოძიების დაწყების ვალდებულებაზე, პროკურატურა უმოქმედოა და სანაცვლოდ პარტია აკეთებს განცხადებებს სამართლებრივ საკითხებზე ისე, რომ არც ერთი სიტყვით არ მიუთითებს გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე. ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, როდის არის ის გაკეთებული და გვაქვს თუ არა საქმე დანაშაულთან, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს და არა პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა კოჟორიძემ. ის აქცენტს აკეთებს ანგარიშვალდებულების საკითხზეც და ამბობს, რომ პრემიერის და მთავრობის დუმილი მხოლოდ იმის დასტურია, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინაშე გრძნობს. ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად აქტიურობს პარტია, არის დასტური პრობლემის, რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ - წაშლილი ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.

ჩანაწერების ტელეეთერში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოჩნდა არაერთი სტატუსი, სადაც ადამიანები ჰყვებოდნენ, როგორ გახდნენ ბერა ივანიშვილის მიმართ კრიტიკული აზრის საჯაროდ გამოთქმის შემდეგ სამართალდამცველების ან უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ ზეწოლის მსხვერპლები. ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა იმაზეც, რომ ბერა ივანიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქალების სექსუალურ ექსპლუატაციასაც. ერთ-ერთმა მათგანმა კი, ვინც სავარაუდოდ ჩანაწერებში იხსენიება და ვისთანაც ბერასგან დასალაპარაკებლად გაგზავნილი ხალხი იმყოფებოდა, სატელეფონო საუბრების მედიაში გავრცელების შემდეგ ფეისბუკზევე სცადა აეხსნა, რომ მის ისტორიაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

თბილისის ფორუმზე ამ დრომდე იძებნება 2011 წელს გაკეთებული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ მასთან გასაფრთხილებლად მისული პირი მოგვიანებით „ქართული ოცნების“ კლიპში ამოიცნო - ეს პირი ანზორ ჩუბინიძეა.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ყველა ეს ისტორია ერთი დიდი ამბის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილია და ყველა, ვისაც კი რაიმე ძალადობრივი გამოცდილება ჰქონია ან იცის ამგვარი ფაქტების შესახებ, ახლა პროკურატურაში უნდა იყვნენ და ჩვენებას აძლევდნენ.

სანამ გამოძიება დაიწყება, რა ვიცით შესაძლო დანაშაულზე?

„ქართულ ოცნებას“ ჩანაწერებში ბერას, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობა არ უარუყვია, ითქვა მხოლოდ ის, რომ ჩანაწერი 2010-11 წლებშია გაკეთებული. ფეისბუკზე ბერა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი 2011 წლის 18 მარტს არის შექმნილი, შესაბამისად, ყველა მისთვის არასასურველი კომენტარი ამ დროის შემდეგ თუ დაიწერებოდა და არა მანამდე, მაგალითად, 2010 წელს.

„ქართული ოცნება“ მიუთითებს იმაზეც, რომ იმ დროს, როცა საუბრები ჩაიწერეს, ბერა არასრულწლოვანი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი კი სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩანაწერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდეა გაკეთებული, ანზორ ჩუბინიძე ამ დროს საჯარო მოხელეა და გამოდის, რომ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნები მაინც სახეზეა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი 2006-2013 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მონაწილეობდა ის ბერას სიმღერაზე გადაღებულ კლიპშიც „ქართული ოცნების“ მაისურით.

ჩანაწერების დათარიღება 2010-11 წლებით, გარდა იმ ფაქტორისა, რომ ამ დროს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იყო, მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელია დანაშაულის ხანდაზმულობის პრინციპის გათვალისწინებითაც - მოქმედი კანონმდებლობით, მძიმე დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 10 წელია, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - 15; თუმცა, თუკი, მაგალითად, მოქმედი პრემიერი ამ პრინციპით ეცდება, კითხვებზე პასუხების გაცემას თავი აარიდოს, მაშინ გამოძიება ვერც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებით უნდა დაინტერესდეს, იმავე პრინციპიდან გამომდინარე.

საგამოძიებო სტრუქტურები „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ჩანაწერებზე გამოძიების არდაწყებით არაერთგვაროვან სტანდარტს ავლენენ გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერებთან დაკავშირებით. მაგალითად, 2015 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ სერვერებზე ატვირთულ უკრაინულ ბლოგზე გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულებაზე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. ამ ფაილებში მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია მონაწილეობდნენ - საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო და გამოძიების ფარგლებში დაკითხულებს გამოკითხვის შინაარსზე ლაპარაკის უფლებაც შეეზღუდათ. ამ საქმეზე მაშინ მოწმის სახით დაიკითხნენ იმ დროისთვის „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია, სდსს-ს ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, გიგა ბოკერია, მომღერალი სოფო ნიჟარაძე და სხვა პირები.

ფარული ჩანაწერები
please wait

No media source currently available

0:00 0:32:10 0:00

XS
SM
MD
LG