Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის მიმართულებას 2 მლნ ლარით დაეხმარება


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაჩერებულ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის მიმართულებას მუნიციპალიტეტი 2 მლნ ლარით დაეხმარება. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"ეს იყო დარგი, რომელიც ყველაზე პირველი გაჩერდა პანდემიის პირობებში, მათ მოუწიათ დახურვა...

ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი, მოიზიდა უამრავი ტურისტი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა", - განაცხადა კალაძემ.

კალაძე ამ დარგს დახმარებას თითქმის ერთი წლის წინ დაჰპირდა, როცა მთავრობა სხვადასხვა შეღავათზე საუბრობდა. მისი თქმით, ამ დახმარების პროექტით მინიმუმ 500 შემოქმედი ისარგებლებს, სრულად ან ნაწილობრივ დაუფარავს მუნიციპალიტეტები მათ საიჯარო და კომუნალურ გადასახადებს.

"ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოები", - დასძინა მან.

საქართველოში კლუბები საკუთარი სურვილით ჯერ კიდევ მარტში გაჩერდნენ, როცა ქვეყანაში არ იყო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა და არ არსებობდა კორონარეგულაციები.

XS
SM
MD
LG