Accessibility links

site logo site logo

სომხეთის არმიის სარდლობა კვლავ მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას გენშტაბის უფროსის დათხოვნის შემდეგ


ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვალავ გაიმეორეს მოწოდება, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც გამოაცხადა, რომ მაღალი რანგის გენერალი დაითხოვეს თანამდებობიდან.

გენტშაბის და სარდლობის განმეორებითი მოთხოვნა ეხება ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება პოლიტიკური კრიზისის მოგვარება სომხეთში.

10 მარტს დილით გამოცხადდა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, კანონის ძალით ითვლება თანამდებობიდან გათავისუფლებულად. ამის შესახებ აღნიშნული იყო პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ამის ფონზე ოპოზიცია ფაშიანს კვლავ მოუწოდებს, გადადგეს.

ფაშინიანის თანახმად, მისი გადაწყვეტილება გასპარიანის გათავისუფლების შესახებ ძალაში შევიდა, რადგან სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის შესაბამის განკარგულებას და დადგენილ ვადაში არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების კონკრეტული, ბოლო ვადა არ არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს 25 თებერვალს წარუდგინა განკარგულების პროექტი, გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ. სარქისიანმა ფაშინიანის განკარგულება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია, ხელი არ მოაწერა და შენიშვნებით დაუბრუნა. 28 თებერვალს პრემიერ-მინისტრის აპარატმა პრეზიდენტს დოკუმენტი ხელმეორედ გაუგზავნა დასაბუთების წერილთან ერთად, თუმცა, სარქისიანმა ხელი არც ამ დოკუმენტს მოაწერა.

ფაშინიანმა გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო, მას შემდეგ, რაც გენერალურმა შტაბმა მისი გადადგომა მოითხოვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მანამდე გენშტაბის მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

სომხეთში კრიზისის ცენტრშია აზერბაიჯანთან შეთანხმება, რომელიც რუსეთის შუამავლობით გაფორმდა ნოემბერში მთიანი ყარაბაღისთვის ექვსკვირიანი ბრძოლების შემდეგ, რამაც ბოლო მოუღო საბრძოლო მოქმედებებს მეზობელ ქვეყნებს შორის. სომხეთში ბევრი თვლის, რომ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება დამარცხების აღიარება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG