Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს ახალგორში ჩხუბის დროს დაშავებული ერთი პირი


ახალგორი
ახალგორი

ოკუპირებულ ახალგორში ჩხუბის დროს დაშავებული, ადგილობრივი ქორეოგრაფი თემურ ზანგურაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ის მკურნალობას თბილისის კლინიკაში გააგრძელებს. ზანგურაშვილს დაზიანებული აქვს თავი. გატეხილი აქვს ცხვირი და ტვინის შერყევა აქვს. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ახალგორის ლეგიტიმურმა გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა დაუდასტურა.

ოკუპირებულ დაბაში მასობრივი ჩხუბი 8 მარტს ღამით მოხდა. ის მოჰყვა შელაპარაკებას რესტორან „ძველ ციხესიმაგრეში“, სადაც სარვამარტო წვეულებაზე ახალგორის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი. სასტიკად ნაცემია სამი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროები აცხადებენ, რომ დაძაბულობა დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოიწვიეს იმით, რომ ახალგაზრდებს ქართული მუსიკის დაკვრაზე უარი უთხრეს. შელაპარაკებას კი ჩხუბი მოჰყვა.

„სუფრაზე იმყოფებოდა ახალგორის ადმინისტრაციის უფროსი, ვიტალი მამიტოვი. ახალგაზრდებს ცეკვა უნდოდათ და შალახოს დაკვრა მოინდომეს, მაგრამ ჯერ კულტურის სახლის დირექტორმა, ბესარიონ ბითაროვმა, თქვა უარი და შემდეგ მას მხარი მამიტოვმაც აუბა. ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. დაიწყო ჩხუბი. ვინ ვის ურტყამდა, ვეღარ იგებდნენ. ყველა მთვრალი იყო. სტუდენტ ბიჭს, ირაკლი გარიევს, თავად მამიტოვი ურტყამდა. მეორე ახალგაზრდა, სოსლან ფიცხელაური, უფრო მძიმედაა. ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს და შეიძლება თბილისში გადაყვანაც დასჭირდეს. სრული განუკითხაობაა დაბაში. ნაცვლად იმისა, რომ გაეშველებინათ, მილიციელებიც ჩხუბობდნენ ახალგაზრდებთან. მათ არავინ დაუკავებიათ. აბა, ადმინისტრაციის უფროსს მამიტოვს, ხომ არ დააკავებდნენ?! ახლაც ცდილობენ ამ ახალგაზრდების მშობლები და მეგობრები გააჩუმონ და ეს გამოუვათ კიდეც“, - უთხრა „თავისუფლებას“ ახალგორელმა წყარომ.

ჩხუბის დროს დაშავებული ორი ახალგაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. სოსლან ფიცხელაური მძიმე მდგომარეობით ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარ ინციდენტზე ოკუპირებული ახალგორის მილიციას გამოძიება არ დაუწყია, საქმეში ადგილობრივი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

XS
SM
MD
LG