Accessibility links

logo-print logo-print

მასობრივი ჩხუბი ახალგორში, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს


ფოტოარქივი: ახალგორის ცენტრი, 23 დეკემბერი, 2020 წ.

8 მარტის ღამით ოკუპირებულ ახალგორში მასობრივი ჩხუბი მოხდა. ჩხუბი მოჰყვა შელაპარაკებას რესტორან „ძველ ციხესიმაგრეში“, სადაც სარვამარტო წვეულებაზე ახალგორის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი. სასტიკად ნაცემია ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ახალგორელები ავრცელებენ. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროები აცხადებენ, რომ დაძაბულობა დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოიწვიეს იმით, რომ ახალგაზრდებს ქართული მუსიკის დაკვრაზე უარი უთხრეს. შელაპარაკებას კი ჩხუბი მოჰყვა.

ჩხუბი იყო მასობრივი, მაგრამ არავინ ჩათვალა საჭიროდ ადგილზე სამართალდამცავები გამოეძახათ. როგორც ამბობენ, ჩხუბის დროს ერთი ახალგაზრდა დედას აგინებდა რაიონის ხელმძღვანელს, მამიტოვს, რომელიც ცდილობდა მის დამშვიდებას და რამდენჯერმე დაარტყა მას...
თამარ მეარაყიშვილი

„სუფრაზე იმყოფებოდა ახალგორის ადმინისტრაციის უფროსი, ვიტალი მამიტოვი. ახალგაზრდებს ცეკვა უნდოდათ და შალახოს დაკვრა მოინდომეს, მაგრამ ჯერ კულტურის სახლის დირექტორმა, ბესარიონ ბითაროვმა, თქვა უარი და შემდეგ მას მხარი მამიტოვმაც აუბა. ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. დაიწყო ჩხუბი. ვინ ვის ურტყამდა, ვეღარ იგებდნენ. ყველა მთვრალი იყო. სტუდენტ ბიჭს, ირაკლი გარიევს, თავად მამიტოვი ურტყამდა. მეორე ახალგაზრდა, სოსლან ფიცხელაური, უფრო მძიმედაა. ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს და შეიძლება თბილისში გადაყვანაც დასჭირდეს. სრული განუკითხაობაა დაბაში. ნაცვლად იმისა, რომ გაეშველებინათ, მილიციელებიც ჩხუბობდნენ ახალგაზრდებთან. მათ არავინ დაუკავებიათ. აბა, ადმინისტრაციის უფროსს, მამიტოვს, ხომ არ დააკავებდნენ?! ახლაც ცდილობენ ამ ახალგაზრდების მშობლები და მეგობრები გააჩუმონ და ეს გამოუვათ კიდეც“.

სოციალურ ქსელებში იმ პირთა ვინაობაც სახელდება, ვინც ამ ჩხუბში მონაწილეობდა. დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი მამიტოვის გარდა, ახალგაზრდებთან დე ფაქტო მმართველი პარტიის („ედინაია ოსეტიას“) წევრი თემო ზანგურაშვილი, მილიციელი მურატ კუძიევი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ჩხუბობდნენ.

კიდევ ერთი ახალგორელი წყაროს ცნობით, ნაცემია ასევე ცეკვის მასწავლებელი თემურ ზანგურაშვილი, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხელი და ტვინის შერყევის ნიშნები აქვს.

ახალგორში მომხდარ ჩხუბს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილიც გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი სამართალდამცავები ჩხუბის მონაწილეების დასაკავებლად არაფერს აკეთებენ.

ვის რა უნდა მოსთხოვო მანდ, კანონი არ არის და სამართალი. ოკუპანტების ხელშია ყველაფერი და იარაღით ჩაგრავენ საწყალ ხალხს.
ნუგზარ თინიკაშვილი

„მე გაკვირვებული ვარ, ჩხუბის ადგილზე მილიციონერები იმყოფებოდნენ. სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოდანაც მათ სიგნალი უნდა მიეღოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, არავინ დარეკა. ჩხუბი იყო მასობრივი, მაგრამ არავინ ჩათვალა საჭიროდ ადგილზე სამართალდამცავები გამოეძახათ. როგორც ამბობენ, ჩხუბის დროს ერთი ახალგაზრდა დედას აგინებდა რაიონის ხელმძღვანელს, მამიტოვს, რომელიც ცდილობდა მის დამშვიდებას და რამდენჯერმე დაარტყა მას. ის ვალდებული იყო მილიციისთვის ეცნობებინა. ახლა ჩხუბის მონაწილეების ოჯახებიდან ცხინვალში რეკავენ და თავს იმით იმართლებენ, რომ ახალგაზრდები მთვრალები იყვნენ. თუ შესაბამისი რეაქცია არ იქნება, რაც კანონითაა გათვალისწინებული, და არ მიეცემა ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება, მაშინ საერთოდ რაში გვჭირდება სამართალდამცავი ორგანოები და კანონები. რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, რომ მამიტოვმა შალახოს დაკვრა აკრძალა, მთელი დღესასწაულის განმავლობაში ეს მუსიკა ისმოდა“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.

ახალგორის ლეგიტიმურმა გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა, დაბაში მომხდარი ჩხუბის დეტალები არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ იქ სრული განუკითხაობაა და შეიარაღებული პირები ადგილობრივ მოქალაქეებს ატერორებენ. თინიკაშვილის აზრით, ჩხუბის მონაწილეებს არავინ დასჯის და ამბის ჩაფარცხვას შეეცდებიან.

„ვის რა უნდა მოსთხოვო მანდ, კანონი არ არის და სამართალი. ოკუპანტების ხელშია ყველაფერი და იარაღით ჩაგრავენ საწყალ ხალხს“.

თინიკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ოკუპირებული დაბიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მისთვის პაციენტის გადმოყვანის მოთხოვნით არავის მიუმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG