Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემია და სახელმწიფო ბიუჯეტი - მერიამ 2020 წელს ეკლესიებს მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა


თბილისის ასზე მეტმა ეკლესიამ 2020 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თითო ეკლესიას საშუალოდ 10 000 ლარი ერგო. ეკლესიების დაფინანსება მუნიციპალიტეტების მიერ ძველი პრაქტიკაა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ეს არის დამატებით რამდენიმე მილიონი ლარი, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია იღებს კარგად ცნობილი 25 მილიონის გარდა, რომელიც ბიუჯეტიდან ფიქსირებულად არის მისთვის გამოყოფილი. გამგეობები სხვადასხვა წლებში აფინანსებდნენ ეკლესიებამდე გზის მიყვანის სამუშაოებს, არემონტებდნენ აივნებს და საკვირაო სკოლებს, იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს და წყლის ჭაბურღილის სამუშაოების ხარჯებს, ყიდულობდნენ სამშენებლო მასალებს.

2020 წელს თბილისის 9 რაიონულმა გამგეობამ 1 260 939 ლარი 124 ეკლესიას გაუნაწილა. პანდემიისას „ბენეფიციარი” ეკლესიებისთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით იმდენია, რამდენიც 18 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საკვების და ნიღბების ერთჯერად შეძენას გასწვდებოდა. სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები 18 000 ოჯახის ერთჯერადი დახმარებისთვის წინასაახალწლო პერიოდში მერიის სარეზერვო ფონდიდან 1 157 230 ლარი დაიხარჯა.

წინა წელთან შედარებით ეკლესიების დაფინანსება წელს შემცირებულია, უფრო ზუსტად, შემცირებულია ეკლესიების რაოდენობა, რომლებმაც ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს. 2020 წელს მართალია, მერიამ 2019 წელთან შედარებით ნაკლები თანხა დახარჯა, თუმცა ეს უფრო მეტია 2017 წელს გამოყოფილ თანხაზე და თითქმის იგივე, რაც 2016 წელს ჩაირიცხა ეკლესიებისთვის ქალაქის ხაზინიდან. ეს მონაცემები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ პანდემიის გამო ეკლესიის ხარჯები არ შემცირებულა.

9 რაიონული გამგეობიდან მხოლოდ ორმა, საბურთალომ და ისანმა გამოყო თანხა არამართლდმადიდებლური რელიგიური დაწესებულებების დასახმარებლადაც. საბურთალოს გამგეობამ მუსლიმთა სამლოცველო დააფინანსა, ისნის გამგეობამ კი 10 000 ლარი გამოყო სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის. ეს ფული სურბ ეჩმიაძინის ეკლესიის ტერიტორიის კაპიტალურ რემონტზე უნდა დაიხარჯოს. ყველა დანარჩენი გამგეობა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებს აფინანსებს.

წლიდან წლამდე თითქმის უცვლელია იმ ეკლესიების სიაც, რომლებიც თანხას ქალაქის მთავრობიდან იღებენ - მაგალითად, ბაგებში, 13 ასურელი მამის სახელობის მშენებარე ეკლესია, ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დიდუბეში ან კირიონ კათალიკოსის სახელობის მონასტერი გლდანში - ეს ეკლესიები ქალაქის ფულს 2013-14 წლიდან რეგულარულად იღებდნენ.

წელს ეკლესიების დასახმარებლად მნიშვნელოვანი თანხა არ გამოყოფილა სარეზერვო ფონდიდან, მხოლოდ 3 277 ლარი დაიხარჯა საშობაო მსვლელობა ალილოზე კალათების შესაძენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG