Accessibility links

site logo site logo

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. "ორბელიანების სასახლიდან" შვედი დიპლომატი მივა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში დღეს ჩამოვიდა. შვედმა დიპლომატმა უნდა გააგრძელოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 1 მარტს დაწყებული მედიაციის პროცესი. დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელოდება ძალიან დატვირთულ, სამდღიან მუშაობას პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად დანიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG