Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „TV პირველში“ არავითარი შეჭრა არ იგეგმება


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „TV პირველში“ შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდი და საფუძველს მოკლებულია:

„არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან, ეს მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ ჩვენ დღეს ვართ 2021 წელს, ეს არ არის 2007 წელი, როცა მოხდა „იმედის“ დარბევა და შეჭრა „იმედში“. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.

გუშინ, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ "TV პირველს" უფლება აქვს, არ გადასცეს მათ ის "ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი", რომლის ამოღების უფლებაც სასამართლოსგან ითხოვეს და მოსამართლემ დაუკმაყოფილა. ამ შინაარსის განცხადება თავად უწყებამ გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, "TV პირველს" თავად შეუძლია, მიიტანოს საგამოძიებო უწყებაში ფარული ჩანაწერი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. მანამდე გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავდა, რომ საგამოძიებო უწყება არ აპირებს "TV პირველში" ძალის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

მოგვიანებით სასამართლომ განმარტა, რომ განჩინებაში გამოყენებული „დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას".

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG