Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: კანონი, რომლითაც დაცულია „ტვ პირველი“, ჩემი ინიციატივით შევიდა პარლამენტში


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

„ტვ პირველის“ საკითხზე გამოტანილ განჩინებას გამოეხმაურა „მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან გაიხსენა კანონი, რომელიც 2004 წელს არის მიღებული და აღნიშნა, რომ მასზე „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან ერთად იმუშავა.

„კანონი, რომლითაც დაცულია „ტვ პირველი“, ჩემი ინიციატივით შევიდა პარლამენტში. ინფორმაციის თავისუფლების კანონი [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი]. ჩვენ ავიღეთ ყველაზე მაგარი ამერიკული მაგალითები. სხვათა შორის, მაშინ ვიმუშავე გიგა ბოკერიასთან ერთად. ჩემი საპრეზიდენტო ინიციატივით შევიდა ეს კანონი პარლამენტში. ახლაც მჯერა, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ასეთი განჩინებები არ იყო. იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, 2007-ში მართლაც შევიდა სპეცრაზმი „იმედში“, მაგრამ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ზუსტად 2-3 დღეში „იმედმა“ განაახლა მაუწყებლობა და მე კი გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. მინდოდა, რომ ქართველ ხალხს გადაეწყვიტა და ეს არ ყოფილიყო ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტილი. მაგრამ ის, რომ ასეთი წერილი დაგვეწერა, რომ თუ წერილს არ მოგვცემთ, მოვალთ, ხელებს ამოგიგრიხავთ, ეგ რა სისულელეა. რამდენი რამე გამოვარდნილა, მათ შორის, ჩემი საუბრები, სადმე გაგიგიათ, ვინმეს წყაროებზე ყოფილიყო ნადირობა?!“ - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG