Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროსს ​


ირაკლი ღარიბაშვილი, ალექსანდერ დე კროსი.
ირაკლი ღარიბაშვილი, ალექსანდერ დე კროსი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროსს.

პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით და აღნიშნეს ვაქცინაციისა და ერთობლივი ძალისხმევის როლი პანდემიის დროულად დამარცხებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების აუცილებლობაზე, რათა ყველა ქვეყანამ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს, შეძლოს ეკონომიკის სრულფასოვანი ამოქმედება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოსტპანდემიურ ეტაპზე, მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისება და ტურიზმის სექტორის აღდგენა. ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე ადამიანის უფლებებისა და მართლსაჯულების სფეროში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, 2023 წელს სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს ბელგიური ხელოვნების ფესტივალში - ევროპალია. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ახალ გეოპოლიტიკურ სურათსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე. ალექსანდერ დე კრომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრციისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

ამჯამად ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG