Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს მეორედ ხვდება


ტელეკომპანია „ფორმულის" კორესპონდენტის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დღეს, 15 მარტს, უკვე მეორედ ხვდება.

ღარიბაშვილი მიშელთან პირისპის შეხვედრის შემდეგ შეხვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროსს. ამის შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ შარლ მიშელთან შესახვედრად დაბრუნდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც, სავარაუდოდ, საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და NATO-ს ხელმძღვანელებს შეხვდება.

16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამგზავრებამდე ვერ მოხერხდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი გუშინ, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს დღესაც გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG