Accessibility links

site logo site logo

ივანე ჩხაიძე: თუ ექიმი აცრის მითითებას ელოდება, ეს არ არის პროფესიონალიზმის მაჩვენებელი


იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ძალიან დაბალ მაჩვენებელს უწოდებს საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან პირველ დღეს 668 მედიკოსის აცრას.

„თუ შემდეგ დღეებში ეს ტემპი შენარჩუნდა, ვერ მივაღწევთ სამიზნე მაჩვენებელს“, - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. თავად ივანე ჩხაიძემ ვაქცინა უკვე გაიკეთა.

ექიმი ფიქრობს, რომ რესურსი ჯერ კიდევ არსებობს და მომდევნო დღეების განმავლობაში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა. ჩხაიძის თქმით, თუ ამ კვირაში ტენდენცია არ შეიცვალა, პროცესს დასჭირდება გაცილებით მეტი ძალისხმევა.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის შეფასებით, ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების დადებითი განწყობის შესაქმნელად მთავარი სწორედ ექიმების პოზიციაა. როგორც ივანე ჩხაიძემ თქვა, ვაქცინის მოწინააღმდეგე ექიმებისგან რეალური არგუმენტი არ მოუსმენია. მისივე ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ რამდენიმე დღის წინ უკვე განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროპის სამედიცინო სააგენტომ. ექიმი დარწმუნებულია, რომ დადებითი იქნება საბოლოო დასკვნაც, რომელიც ამ კვირის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს: „ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ვაქცინამ გამოიწვიოს ის გართულებები, რაზეც იყო საუბარი იმიტომ, რომ არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს“.

მედიის შეკითხვას, ხომ არ განაპირობებს მედპერსონალის აცრის დაბალ მაჩვენებელს ჯანდაცვის სამინისტროს არასათანადოდ მუშაობა, ივანე ჩხაიძემ უპასუხა, რომ ექიმს არ უნდა სჭირდებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს მითითება და თუ რომელიმე ექიმი ასეთ მითითებას ელოდება, ეს არ არის მისი პროფესიონალიზმის მაჩვენებელი: „როდესაც ექიმი ამბობს, რომ არ იცის, რა ვაქცინაა, შეეძლო, ზუსტად ათი წუთი დაეხარჯა და ნახავდა, რა ვაქცინაა“.

პირადად ივანე ჩხაიძე ფიქრობს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა ყოფილიყო, თუმცა, საქართველოში ეს გზა არ განიხილება. ექიმის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს საქმე არ არის ექიმების დარწმუნება, განსხვავებით დანარჩენი მოქალაქეებისგან და მათთვის საინფორმაციო კამპანია მასშტაბური გახდება.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, თუ ვაქცინაციამ სამიზნე ჯგუფები სათანადად არ მოიცვა, საქართველოში არ ჩამოყალიბდება ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი, 2021 და 2022 წლებშიც ცუდი ეპიდვითარება იქნება და საქართველო მოხვდება „გამორჩეულ“ ქვეყნებში, რომლებსაც ვაქცინა აქვთ, მაგრამ მოსახლეობის საჭირო რაოდენობა არ აიცრა.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ დღეს მსოფლიოში კორონავირუსის დამარცხების ღერძი გადის სწორედ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე, რადგან 2021 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, 3 მილიარდზე მეტი დოზა მსოფლიოს ქვეყნებს „ასტრაზენეკამ“ უნდა მიაწოდოს, მაშინ როცა სხვა კომპანიების წილი დაახლოებით მილიარდია.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია. პირველ დღეს 668 აიცრა. 15 მარტის საღამოს მონაცემებით, დარეგისტრირებული იყო 4202.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება ბოლო ხანს ევროპის არაერთმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულ აცრილ ადამიანს თრომბის პრობლემა გაუჩნდა, ზოგიერთი კი გარდაიცვალა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვაქცინაციასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირს ამ ეტაპზე ვერ ხედავს და მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება განაგრძონ. პირდაპირი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გააჩნია „ევროპის წამლის სააგენტოსაც“.

თავად კომპანია „ასტრაზენეკამ“ 14 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში უკვე აცრილი 17 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემთა დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ არ არსებობს ვაქცინასა და თრომბის რისკებს შორის კავშირის არანაირი მტკიცებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG