Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMA "მტკიცედ" არის დარწმუნებული AstraZeneca-ში, ტრამპი თავის მომხრეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს


ევროპის სამედიცინო სააგენტო (EMA) „მტკიცედ არის დარწმუნებული“ COVID-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინაში და გადაჭრით აცხადებს, რომ პრეპარატის აცრის შედეგად მიღებული სარგებელი აღემატება იმ რისკს, რის გამოც რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში დროებით შეჩერდა ამ ვაქცინის გამოყენება.

თრომბის გაჩენის შემთხვევის გამო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეაჩერეს გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ასევე ნიდერლანდმა, ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ბულგარეთმა, და ევროპის გარეთ, ტაილანდმა. ამ მწარმოებლის ვაქცინის გარკვეული სერიით აცრა შეაჩერეს ბალტიის ქვეყნებმა და ავსტრიამ, ასევე ლუქსემბურგმა და რუმინეთმა.

EMA-სთან ერთად, AstraZeneca-ს ეფექტიან და უსაფრთხო პრეპერატად მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომელმაც ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, გააგრძელონ მისი გამოყენება.

ამ მოწოდებებს მიესალმა საფრანგეთი და იტალია, სადაც მძიმე ეპიდვითარების გამო კვლავ გრძელდება ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ და კვლავ ნელა მიდის ვაქცინაციის პროცესი.
დიდ ბრიტანეთში, სადაც AstraZeneca-ს ვაქცინით 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა აცრა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს შორის იშვიათია თრომბოზის შემთხვევები.

აშშ-ში კი, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავის მომხრეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ჩატარებული კვლევების თანახმად გაირკვა, რომ რესპუბლიკელი მამაკაცები აცრების მოწინააღმდეგეთა მთავარ ჯგუფს განეკუთვნებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG