Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია: COVID-19-ის ვაქცინაციის ციფრული "პასპორტები" ივნისში ამოქმედდება


ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ზაფხულისთვის ამოქმედდება Covid-19-ის წინააღმდეგ აცრის დამადასტურებელი ციფრული "პასპორტები", რომლებიც მოგზაურობას გააადვილებს.

ამ საბუთით, რომელსაც ევროკომისია „ციფრულ მწვანე სერტიფიკატს“ ("digital green certificate") უწოდებს, ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანაში აცრილი ადამიანი იმუნიზებულად იქნება აღიარებული სხვა წევრ ქვეყნებშიც. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მოგზაურობას, მათ შორის ტურიზმის გამოცოცხლებას.

„ამ ციფრული სერტიფიკატის მიზანია, დავეხმაროთ წევრ ქვეყნებს, მოძრაობის თავისუფლება აღადგინონ უსაფრთხო, პასუხისმგებელი და სანდო სახით“, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც წარმოადგინა ციფრული დოკუმენტის თაობაზე წინადადება.

სერტიფიკატში მითითებული იქნება, ნეგატიურია თუ არა მისი მფლობელის COVID-19-ის ტესტი, ან აცრილია თუ არა ის.

ვაქცინაციის ელექტრონული საბუთის მეშვეობით მის მფლობელს არ დასჭირდება კარანტინში მოთავსება. მაგრამ, როგორც DPA იტყობინება, თავად წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უპირატესობებს შეიცავს ამ დოკუმენტის შემოღება.

ევროკომისიის წინადადების თანახმად, სერტიფიკატი უფასო იქნება. მისი ავთენტურობის შემოწმება შესაძლებელი იქნება QR კოდით.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა განუცხადა Frankfurter Allgemeine Zeitung-ს, სერტიფიკატები რამდენიმე თვეში უნდა ამოქმედდეს. „სერტიფიკატები ზაფხულის დასაწყისისთვის უნდა იყოს გამოსაყენებლად მზად“, თქვა მან.

რეალობად იქცევა თუ არა ელექტრონული სერტიფიკატები, ჯერჯერობით არ არის ნათელი. გეგმა უნდა შეათანხმონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპის პარლამენტმა.

ზოგიერთი ქვეყანა ეჭვს გამოთქვამს სერტიფიკატთან დაკავშირებით. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფი ვილმესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დააკავშირებს ვაქცინაციის სტატუსს მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლებასთან, რათა არ გაჩნდეს დისკრიმინაცია, ვინაიდან ბელგიის მოქალაქეთა უმრავლესობა ჯერ არ არის აცრილი.

XS
SM
MD
LG