Accessibility links

site logo site logo

კობახიძე იმედს გამოთქვამს რომ 18 მარტს წარმატებით დასრულდება მოლაპარაკება


ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება ხვალ, 18 მარტს, დასრულდება.

„დღეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, რომ ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისათვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები.

საინტერესო დისკუსია შედგა დღეს, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები და მათ შორის, რაღაც პოზიციები იყო უკვე შეჯერებული, თუმცა გრძელდება, რა თქმა უნდა, სხვა საკითხების განხილვა. იმედი მაქვს, რომ ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში.

რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, შესვენებაც გვქონდა შუაში. განიხილებოდა ყველა საკითხი. ყველა საკითხი ვერ ამოვწურეთ ბუნებრივია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ 18 მარტს წარმატებით დასრულდება მოლაპარაკებები.

კობახიძემ ამჯერად არ დააზუსტა, როდის აპირებს გამგზავრებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. „იყო ნათქვამი, როდის მიდიოდა ბატონი დანიელსონი და მერე შეიცვალა. ახლა არ გავუსწრებ მოვლენებს“, - შენიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის ლიდერების განცხადებები და ისინი დაადანაშაულა შეთანხმების დარღვევაში.

„ვნახე ოპოზიციის განცხადებები და ეს არის უხეში დარღვევა იმ პირობების, რაზეც ვართ შეთანხმებული საერთაშორისო პარტნიორებთან. არცერთ დეტალზე არ ვისაუბრებთ ამ მოლაპარაკების. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რაც გვაქვს დადებული, არის ის, რომ არცერთ წითელ ხაზზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლედერმა და დაამატა, - „ისინი გუშინ ლანძღვადნენ ბორელს [საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლს], მთელი დღის განმავლობაში და დღეს ისაუბრეს წითელ ხაზებზე. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ეს მეტყველებს იმაზე, როგორია მათი დამოკიდებულება ევროპულ და ზოგადად დასავლურ ინსტიტუტებზე“.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ბორელის განცხადებიდან გამომდინარე დღითი დღე უმძიმდება ოპოზიციას მდგომარეობა.

რაც შეეხება შეთანხმების ტექსტს, როგორც კობახიძე ამბობს, ტექნიკურად ტექსტზე მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის მზადდება დისკუსიის საფუძველზე, რომელიც ჯგუფში წარიმართება.

„ერთიანი ნააციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება" უარს იტყვის იმ მთავარ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, შეთანხმება ვერ შედგება და ეს იქნება მათი მხრიდან ნაბიჯი ევროკავშირისა და ევროპის წინააღმდეგ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან თქვა, ორმ პირველ საკითხებად არ განიხილება „პოლიტპატიმრებისა" და რიგგარეშე არჩევნების თემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG