Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აცრის შემდეგ ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა 


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ექთნის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევის შესახებ. როგორც გამყრელიძე ამბობს, ამჟამად მისი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

„დღეს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს უკვე სამი დღეა და აცრილი ჰყავს დაახლოებით 16 ადამიანი, 12:15 წუთზე აიცრა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი. 27 წლის ქალი, რომელიც, როგორც ვიცი ანამნეზით, სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ ამ ქალმა პირდაპირ ეთერში მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ არხს და მოუწოდა სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტივებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის. სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ექიმებთან წინასწარი საუბრით, უფრო გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ეს ანაფილაქსიურ რეაქციას. ადამიანს ადგილზე, დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ამ დროს პროტოკოლით არის გაწერილი ანაფილაქსიური რეაქციების დროს და არ მოიხსნა რეაქცია და ის გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ინტუბირება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ჩასულია ადგილზე კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მისი ტრანსპორტირება ხდება თბილისში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით, პარალელურად დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ. პროცესში ჩართული არიან იმუნიზაციის ეროვნული კომიტეტის წევრები, რომელიც, გამყრელიძის თქმით, დამოუკიდებელია. მოკვლევის დასრულებამდე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე საუბრისგან იმუნოლოგი თავს იკავებს.

როგორც გამყრელიძემ თქვა, 19:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარდება იმუნიზაციის სამედიცინო კომიტეტისა და იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელშიც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიიღებს მონაწილეობას.

„განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით.

შეკითხვაზე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შეჩერება იგეგმება თუ არა? გამყრელიძე პასუხობს: „სხდომაზე იქნება განხილული და მიღებული გადაწყვეტილებები".

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ანაფილაქასიური რეაქცია შეიძლება განვითარდეს მსუბუქად და საკმაოდ მძიმედ ან დამთავრდეს ფატალური შედეგით. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება არის ანაფილაქსიური შოკი.

„დღევანდელ პერიოდში, როდესაც კოვიდვაქცინები შეიქმნა, განსხვავებით რუტინილი ვაქცინებისგან, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები (იცით, 6 ვაქცინა გამოიყენება). როდესაც იცრებიან ადამიანები, მათ შორის ჩვენთან, ბარათზე უკანა მხრიდან წერია, რა არის ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა, რა არის ხშირი გვერდითი მოვლენა და შედარებით ნაკლებად ხშირი და ასევე აცრის პროცესამდე არსებობს სპეციალური გამოკითხვის ბარათი. ე.წ. „ჩეკ-ლისტი“. ამცრელი ბრიგადა დაკომპლექტებულია სამი ადამიანისგან (ამცრელი, რომელიც შეიძლება იყოს ექიმი ან ექთანი; რეგისტრატორი და ექიმი). სწორედ, ამ ბარათის საშუალებით ექიმი ეკითხება, სადაც არის სწორედ, ის კითხვები, რომელმაც შესაძლოა, გამოავლინოს მომატებული რისკი მწვავე ალერგიულ რეაქციაზე. ეს მიღებული წესია და ჩვენთან ეს ბარათი დამტკიცცებულია შესაბამისი ნორმატიული აქტით, არის ბრძანებაში და ამ ბარათის მიხედვით ხდება გამოკითხვა", - თქვა გამყრელიძემ.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომლის პირველი პარტია - 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა.

COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში 18 მარტის დილის მონაცემებით სულ აცრილია ჯანდაცვის სფეროს 3 054 წარმომადგენელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG