Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში „იმედის“ კლინიკის მინის ჩამსხვრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


28 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარმა და ძმამ, რომლებიც, შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, პოლიციამ ახალციხეში „იმედის“ კლინიკიდან გაარიდა, ხელწერილები დაწერეს. ექთნის ოჯახის წევრები და ახლობლები საავადმყოფოში, მას შემდეგ მივიდნენ, რაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ მას, სავარაუდოდ, განუვითარდა ანაფილაქსიური რეაქცია.

„იმედის“ კლინიკაში ჩამსხვრეულია მინები. შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ექთნის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევის შესახებ. როგორც გამყრელიძე ამბობს, ამჟამად მისი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

გამყრელიძის თქმით, დღეს, 18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში 12:15 წუთზე აიცრა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი. ქალი, რომელიც, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ანამნეზის მიხედვით, სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს.

„სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის. სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ექიმებთან წინასწარი საუბრით, უფრო გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ეს ანაფილაქსიურ რეაქციას", - თქვა გამყრელიძემ.

ამჟამად ექთანი გადაყვანილია თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტომ დეტალური მოკვლევა ჩაატარა და მასალები გადასცა გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს.

შემთხვევის მიუხედავად, ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შეუფერხებლად გაგრძელდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG