Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ხელისუფლებამ შეზღუდა დაშვება ციხანოუსკაიასთან დაკავშირებულ საიტზე


ბელარუსში შეიზღუდა საიტ „ჰოლოსზე“ დაშვება, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს, სვიატლანა ციხანოუსკაიას მოწოდებით, მხარი უნდა დაეჭირათ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გამართვის ინიციატივისთვის.

საინტერნეტო გამოცემა TUT.BY.-ის თანახმად, 19 მარტის დილიდან МТС-ის და life-ის მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ ვერ უკავშირდებოდნენ საიტს. ყოველი მცდელობის დროს საიტზე ჩნდებოდა გამაფრთხილებელი წარწერა, რომ „რესურსზე წვდომა შეზღუდულია ბელარუსის რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით“.

თუმცა „ჰოლოსის“ გვერდი სხვა ოპერტორებთან ჩვეულებრივ იხსნება.

ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, 18 მარტს მოუწოდეა ამ ქვეყნის მოქალაქებს, ხმა მისცენ ოპოზიციის მოლაპარაკებას მოქმედ ხელისუფლებასთან. წინა დღით მან აშშ-ს მოუწოდა, მეტი ზეწოლა განახორციელოს ლუკაშენკაზე სანქციების გაფართოებით.

იუტიუბით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში ის ამბობს, რომ მმართველი რეჟიმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება უნდა გამართონ საერთაშორისო შუამავლობით. „რაც უფრო მეტი ხმა იქნება, მით უფრო ხმამაღალი იქნება ჩვენი მოთხოვნა, მოგვარდეს კრიზისი მშვიდობიანად და მსხვერპლის გარეშე“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ვითარების ნებისმიერი განვითარება მოლაპარაკებამდე მივა. „კრიზისის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება უჭირავს ადამიანს, რომელმაც წააგო არჩევნები“, აცხადებს სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყნის დე ფაქტო მეთაურის მომხრეებიც უკვე იმედგაცრუებული არიან. მისი თქმით, მოლაპარაკებას მხარს უჭერენ გაერო და ეუთო, რომლებიც მზად არიან მათთვის დიალოგის მოედნის დასათმობად.

XS
SM
MD
LG