Accessibility links

site logo site logo

პაატა მანჯგალაძე: პარადოქსია, მაგრამ კომუნისტი გუმბარიძე უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე დღეს კობახიძე


პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის საერთო სტრატეგია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს. რაც შეეხება ამ მიზნებისკენ მისასვლელ გზას და ტაქტიკას, იგი აზრთა სხვადასხვაობას არ გამორიცხავს. პაატა მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებებისა და არჩევნების გზით განმუხტვაზე უარს არავინ ამბობს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დასმულ კითხვაზე, რას იტყოდა ირაკლი კობახიძის შეფასებაზე, რომ მოლაპარაკებების პროცესში გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ხისტად მოქმედებდა და კომპრომისზე არ მიდიოდა, მან განაცხადა:

„ეგ არ არის მთავარი, კობახიძე როგორ აღიქვამს ოპოზიციას. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ხელისუფლების პოზიცია, რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ ყველა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სახელმწიფო სტრუქტურა, ევროპული სტრუქტურა ამბობს, რომ პასუხისმგებელი შექმნილ კრიზისზე არის ხელისუფლება, მაგრამ კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადადგას ორივე მხარემ. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაც აქედან იყო ნაკარნახევი, რომ ჩვენ მძევლები კი არ უნდა გავხდეთ კონკრეტული რაღაცა პირობების, მთავარია, საზოგადოება და ქვეყანა დარჩეს მოგებული.

ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაც სწორედ მაქედან არის ნაკარნახევი, რომ რაც შეიძლება მალე გადავიდეთ დაპირისპირებიდან თანამშრომლობის პლატფორმაზე, რომ ის პრობლემები, რომლებიც ხალხს აქვს, რეალური პრობლემები, ამის მოგვარების გზებზე შევიდეთ ერთმანეთთან კონკურენციაში. ეს არის ჩვენი მოტივი.

კომუნისტების პერიოდში გივი გუმბარიძეც კი უფრო სახელმწიფოებრივად გამოიყურება და უფრო ეროვნულად, ვიდრე დღეს კობახიძე და თალაკვაძე იქცევა. თქვენ იცით, მაშინაც ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ეროვნულმა მოძრაობამ არ მიიღო მონაწილეობა, შემდეგ დაანიშნინეს ვადამდელი არჩევნები იმდღევანდელ ხელისუფლებას და უზენაესი საბჭოს არჩევნებში, მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა მთავრობამ. აი, სწორედ მაგის ეშინია კობახიძეს და მაგას ცდილობს, რომ კომუნისტების შეცდომები არ გაიმეოროს და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, კომუნისტური გუმბარიძე უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე დღეს კობახიძე, ეს არის რეალობა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ „დილის საუბრებში“.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში გამოიკვეთა სამი პარტია, რომლებიც ხისტად მოქმედებდნენ და არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდნენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს სამი პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული დემოკრატები“ და „ლელო“. მისი თქმით, ყველა სხვა პარტია ავლენდა კომპრომისის განწყობას და რეალური დიალოგისთვის მზადყოფნას. თავის მხრივ, მოლაპარაკებების ჩაშლაში ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პროტესტის უწყვეტ ფორმაზე გადასვლას აანონსებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გასულ კვირაში უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. როგორც შუამავალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. თბილისი მან 19 მარტს დილით დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG