Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს არ სჭირდება რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V


ევროკავშირს არ სჭირდება COVID-19-ის რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის შიდა ბაზრის საკითხების კომისიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა. მისი სიტყვებით, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ევროკავშირს უკვე დამტკიცებული ოთხი ვაქცინაც ეყოფა.

მან განმარტა, რომ ივნისში ევროკავშირის ქვეყნები 300-დან 350 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებენ. ამგვარად, ვარაუდობენ, რომ ივლისის შუა რიცხვებისთვის მოხერხდება „მთელს კონტინენტზე იმუნიტეტის მიღწევა“, განაცხადა ბრეტონმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს რუსეთს Sputnik V-ის წარმოებაში, თუკი ეს საჭირო იქნება. ბრეტონმა თქვა, რომ რუსეთში პრობლემები ჩნდება პრეპარატის წარმოების საქმეში, რუსეთის მოქალაქეები კი მასზე „გაჭირვებით იპოვებენ წვდომას“.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა პირდაპირ რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს Sputnik V-ის მიწოდების თაობაზე. უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებებს, პრეპარატით დაინტერესება გამოთქვეს ჩეხეთმა და ხორვატიამ.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთს ბრალს სდებენ, რომ ის დასავლური წარმოების ვაქცინების დისკრედიტაციას ეწევა.

XS
SM
MD
LG