Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალია საბანაძე: ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები გაგრძელდება


ნატალია საბანაძე
ნატალია საბანაძე

„ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, საქართველო ხანგრძლივ კრიზისს ვერ გაუძლებს“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე რადიო თავისუფლების კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ცნობას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოში მოლაპარაკებების გაგრძელებას კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით.

ბრიუსელში დღეს გაიმართა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა, ბლოკში შემავალი ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს მოკლედ უამბო საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას.
შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთანხმნენ. მაგრამ ის, თუ როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, ცოტა მოგვიანებით, მისი და შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან ჩაება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესში. თითქმის ერთკვირიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონმა თბილისი 19 მარტის დილით დატოვა.

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 21 მარტს გახდა ცნობილი.

"დღეს მოვიდა დრო, რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა", - წერდა საბანაძე "ფეისბუკში". გადადგომის მიზეზებზე იგი არ საუბრობს, შესაბამისად, უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ კრიზისსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მიმდინარე წლის 16 მარტს გაიმართა.

XS
SM
MD
LG