Accessibility links

site logo site logo

თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე: მეწყრის ტანი მოძრაობს 5 სმ-ით დღეში, ეს არ არის ცოტა


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მისმა ჯგუფმა შეზღუდული ტექნიკური რესურსით და მოკლე ვადაში აწარმოა კვლევა ვაშლიჯვარში გააქტიურებულ მეწყერზე და, პირველადი დასკვნით, მეწყრული სხეული დღეში 5 სანტიმეტრით გადაადგილდება, რაც, მისი თქმით, ცოტა არ არის. ამ დასკვნის თანახმად, ნაპრალის სიგანე მხოლოდ 4 დღეში 20 სანტიმეტრზე მეტით არის გაზრდილი.

გოდოლაძის თქმით, მათ ორი პარამეტრიდან, რომლითაც მეწყრის მოძრაობა იზომება, გადაადგილების სიჩქარიდან და აჩქარებიდან პირველი გაზომეს, აჩქარების კვლევას კი სათანადო ინსტრუმენტების არქონის გამო ვერ ახერხებენ. გადაადგილების სიჩქარის შესასწავლად აეროგადაღების კადრები აიღეს და 4 დღის ინტერვალით [ხუთშაბათს და ორშაბათს] გადაღებული კადრები ერთმანეთს შეადარეს, აქედან გამომდინარეობს პირველი დასკვნაც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევის პროცესში კონსულტაციას გადიან ამერიკელ კოლეგებთან და მზად არიან, რომ ითანამშრომლონ მერიის მიერ თბილისში ჩამოყვანილ სპეციალიტებთან. თეა გოდოლაძის თქმით, მათ გეოლოგების ამ ჯგუფთან აქვთ თანამშრომლობის გამოცდილება ვერეს ხეობის შემთხვევაზე და ამჯერადაც სასურველია სპეციალისტებს შორის კოორდინაცია.

„აუცილებლად უნდა მოხდეს მეწყრის ტანის შეფასება მთლიანად, მივდივართ იმით, რაც გვაქვს, ამ მასაზეა დამოკიდებული, როგორი სცენარი განვითარდება. თუ პატარა მასაა, შესაძლებელია მისი რეგულაცია. აუცილებელია გეოფიზიკური ტექნოლოგიებით მისი მონიტორინგი ყოველდღე”, - ამბობს თეა გოდოლაძე. მისი შეფასებით, ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა, რომელიც იქ მიმდებარე მშენებლობებმა, გზის ჩაჭრამ და ვიბრაციებმა გამოიწვია და ყველანაირი სამშენებლო სამუშაოები, რაც მეწყრული მასის სიახლოვეს ტარდება, უნდა გაჩერდეს.

ვაშლიჯვარში ამოძრავებულ მეწყრულ სხეულთან დაკავშირებით დღესვე განცხადების გაკეთება იგეგმება თბილისის მერიაში, სადაც სავარაუდოდ გერმანელი სპეციალისტების პირველად შეფასებას წარადგენენ.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკურია.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG