Accessibility links

site logo site logo

ეკატერინე ტიკარაძე: "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა


ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, "ფაიზერის" ფაქცინა საქართველოში ხვალ, 24 მარტს შემოვა. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ცენტრში განთავსდება და შემდეგ განაწილდება:

„მოხდება პირველ ლოკაციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში მისი ტრანსპორტირება, ხოლო შემდეგ გადანაწილდება უკვე ყველა იმ ცენტრში, სადაც გაგრძელდება "ფაიზერით" პირების ვაქცინირება. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ყველა იმ დაშვებული ჯგუფისთვის, რომელიც გუშინ იქნა საბჭოს მიერ გამოცხადებული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომლის პირველი პარტია - 43 200 დოზა, ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. არსებული ინფორმაციით, საქართველო „ფაიზერის“ 29 000 დოზა ვაქცინას მიიღებს.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა 15 მარტიდან დაიწყო. 23 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანდაცვის სექტორის 4414 მა მუშაკმა ჩაიტარა.

ამ დრომდე ვებგვერდზე booking.moh.gov.ge რეგისტრაცია მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლოთ, თუმცა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია 65 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვისაც დაიწყება. პორტალზე რეგისტრაცია 25 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG