Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახვლედიანის თქმით, მცდარია მოსაზრება - სოხუმი მზადაა დიალოგისთვის და თბილისი არ პასუხობს


თეა ახვლედიანი
თეა ახვლედიანი

პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს. მან ილაპარაკა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საფუძველზე მიღებულ კანონთა პაკეტის არსსა და განხორციელების პერსპექტივებზე.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგის შესახებ დასმულ შეკითხვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა, რომ „მცდარია ის მოსაზრება, რომ სოხუმი არის მზად დიალოგისთვის და თბილისი არ პასუხობს“. როგორც თეა ახვლედიანი ამბობს, არაერთხელ განაცხადა, რომ თბილისი მზად არის დიალოგისთვის დეპოლიტიზებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე.

„ეს გაცხადდა მრავალჯერ როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ, ჩემ მიერ, ასევე სხვა კოლეგების მიერ, არაერთხელ, საჯაროდ. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში არაფორმალურ კომუნიკაციას და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი. გვახსოვს ასევე, რომ აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც, არაერთხელ გაჟღერდა მსგავსი დიალოგის მზაობა. თუმცა, მათ შედეგი არ მოჰყოლიათ. ნამდვილად მექნებოდა სურვილი, რომ სულ ცოტა ფართო საზოგადოებაში თუ არა, აქ დამსწრე კოლეგებში მაინც მოიხსნას ეს საკითხი. შევხვდეთ და დახურულ ფორმატში განვიხილოთ ეს საკითხები. ამ ეტაპზე, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, რომელიც შეიძლება ჩანდეს, რომ ხელს უშლის დიალოგს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მზად და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ კონკრეტული გზებით განვიხილოთ, როგორ შეიძლება ისეთი დიალოგი ვაწარმოოთ, რომელიც ჩაითვლება დიალოგად“, - თქვა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტში პრიორიტეტულ საკითხებს შორის, ბჟანიას აზრით, აფხაზეთისთვის ნომერ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისთან ურთიერთობის „დარეგულირება“ და „ნორმალიზებაა“, რაც დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მისი თამამი რიტორიკის გაგრძელებას წარმოადგენდა. მანამდე აფხაზური მხარე დიალოგის სურვილს საჯაროდ არ გამოხატავდა, ამას აფხაზურ საზოგადოებაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG