Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა სამი მოადგილე წარადგინა


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავისი სამი მოადგილე წარადგინა.

მინისტრის პირველი მოადგილე გახდა კახა სიხარულიძე, რომელიც კარიერული დიპლომატია და სხვადასხვა დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის და პრესსპიკერის თანამდებობებს და იყო საქართველოს ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში. როგორც თეა წულუკიანმა თქვა, მასთან ერთად კახა სიხარულიძე იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე და მთლიანად სფეროს და შემოქმედებს დაეხმარება, რომ "ქართული კულტურა უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ასპარეზზე".

მინისტრის მოადგილედ დაინიშნა იურისტი სოსო გიორგაძე, რომელიც ახალი უფლებამოსილების შესრულების დაწყებამდე, 1 აპრილამდე დარჩება იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. წულუკიანის თანახმად, გიორგაძე ახალგაზრდობის საკითხებს უხელმძღვანელებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.

თეა წულუკიანის მოადგილედ დაინიშნა იურისტი იოსებ ბაღათურიაც, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. თეა წულუკიანის განცხადებით, იოსებ ბაღათურიას აქვს გენერალურ პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. ბაღათურია იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და, როგორც თეა წულუკიანმა თქვა, „სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშნული თეა წულუკიანი უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგა. მანამდე წულუკიანი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე კი, იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შეიქმნა პარლამენტის მიერ „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში 16 მარტს შეტანილი ცვლილების საფუძველზე. კულტურა და სპორტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოიყო.

XS
SM
MD
LG