Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცვლიშვილი: ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ "ოცნების" წარდგენილი კანონპროექტები კონსტიტუციასთან არათავსებადია


ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პარტიების დაფინანსებისა და არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვის კანონპროექტებთან დაკავშირებით ნიშანდობლივია იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე კომპეტენტურმა შემფასებელმა ღიად განაცხადა, რომ ისინი არათავსებადია როგორც ქვეყნის კონსტიტუციასთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ფუჭია მმართველი პარტიის მცდელობები, ოპოზიცია „სადამსჯელო კანონებით“ შეეყვანა პარლამენტში:

„ცხადი გახდა კიდევ ერთხელ, რომ ის მცდელობები, რომლებიც "ოცნებას" ჰქონდა, რომ როგორმე შევეტყუებინეთ ან ძალით შევეყვანეთ პარლამენტში, აბსოლუტურად ფუჭია და ამ პროცესში ისინი ცდილობდნენ არასწრორი და არაკონსტიტუციური კანონების წამოყენებასაც კი. კანონების ცვლილებაც კი ჰქონდათ არსენალში იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი ძალით განემუხტათ.

მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი,რომ ძალით ან ტყუილით ან ფარსით ვერ განიმუხტება ეს კრიზისი, მათ შორის, ვერც სადამსჯელო კანონების შემოღებით და სადამსჯელო კანონების მაგალითებია სწორედ ეს კანონპროექტები, რომლებზეც ითქვა, რომ არაპროპორციულია, არასწორია, არადემოკრატიულია და უკანონოა პარტიების დასჯა ბოიკოტისთვის იმიტომ, რომ ბოიკოტი ეს არის ლეგიტიმური, კანონიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც არის ოპოზიციის ხელში, თუ ის ასე გადაწყვეტს“, - უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მისი შეფასებით, იშვიათია ისეთი ცალსახა, მოკლე და კონკრეტული დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ ზემოხსენებულ ორ კანონპროექტთან დაკავშირებით მოამზადა:

„ასეთი ცოტა დასკვნა მახსენდება არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. და რაც ასევე ძალიან ნიშანდობლივია, ამ დასკვნაში იყო ის შეფასება, რომ ის, რასაც "ოცნება" აპირებს, ამის ანალოგი არ მოიძებნება არც ვენეციის კომისიის და არც ეუთოს წევრ სახელმწიფოებში და ეუთო ამ მხრივ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეუთოში გაერთიანებულები არიან არა მხოლოდ მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოები, ასევე მათ შორის პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნებიც. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც დემოკრატია ძალიან სუსტია და პოლიტიკური პლურალიზმიც ფაქტიურად ნაკლებად არსებობს, იმ ქვეყნებშიც კი კანონის დონეზე ასეთი რამის გაკეთება თავში აზრად არ მოსვლიათ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებენ საქართველოს, გადახედოს ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება. ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დასკვნაში.

გასული წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას კანონპროექტებზე დასკვნის შემუშავების თხოვნით მიმართა. ერთი შეეხებოდა საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, მეორე კი საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტს (პარტიული რეგისტრაციის გაუქმება).

გასული წლის 17 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. 2020 წლის 23 დეკემბერს, საკანონმდებლო პაკეტებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კრიტიკული დამოკიდებულების გამო, მაშინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო ტექსტებზე მოსაზრება ვენეციის კომისიას გამოეთქვა.

XS
SM
MD
LG