Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის აუცილებლობაზე ლაპარაკობს


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების აუცილებლობაზე ილაპარაკა „პირველ არხთან" ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. მისი აზრით, საჭიროა კომპრომისი.

„მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად, როგორც ამას საქართველოში ვხედავთ და ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი. არც ერთ პარტიას არ მიუღია უმრავლესობა გასული ოქტომბრის არჩევნებში და მარტივი ფაქტია, რომ დემოკრატია ვერ იმუშავებს და ვერ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ინტერესებს კომპრომისზე წასვლის სურვილის გარეშე“, – თქვა კელი დეგნანმა.

დიპლომატის განცხადებით, თავად მონაწილეობდა პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში, რომელშიც, მისი შეფასებით, პარტიები ძალისხმევას არ იშურებდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მცდელობის ნაკლებობა არ ყოფილა, პარტიები ძალისხმევას არ იშურებდნენ. კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ პარტიები წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე. მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება. თუმცა კარგად გვესმის, რომ ქართული საზოგადოება გაყოფილია და შეერთებული შტატების ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია. პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები და მიიღონ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე. პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

„პირველი არხის" თარგმანი.

შარლ მიშელი 22 მარტს შეხვდა საქართველოში თავის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს. გადაწყდა, რომ ის ამ კვირის ბოლოს ესტუმრება საქართველოს.

შარლ მიშელსა და კრისტიან დანიელსონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დანიელსონის შუამავლობით საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს პოლიტიკური პარტიებმა მიაღწეს გარკვეულ შეთანხმებას ხუთიდან სამ საკითხზე: საარჩევნო რეფორმების, მართლმსაჯულების რეფორმებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაზე. მაგრამ არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ პროგრესი მიღწეული იქნას ორ ყველაზე უფრო სადავო - პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მომავალი არჩევნების საკითხებში.

19 მარტს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG