Accessibility links

site logo site logo

ჟენევის დისკუსიის 52-ე რაუნდზე დადგება ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხიც


დღეს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიის 52-ე რაუნდი. საქართველოს სამთავრობო დელეგაციისთვის მთავარ საკითხებად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობა, ჰუმანიტარული კრიზისი, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება, ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და „ბორდერიზაციის“ პროცესი. ქართული მხარე ჟენევაშიც მოითხოვს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის გათავისუფლებას.

ჟენევის დისკუსიაზე, რომელიც 26 მარტს დასრულდება, თბილისის დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

52-ე რაუნდის წინ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ კონსულტაცია გამართა აფხაზური და ოსური დელეგაციების წარმომადგენლებთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მხარეებმა საერთო პოზიცია დაადასტურეს და პრიორიტეტებად ისევ განსაზღვრეს საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმებების ხელმოწერა და „საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის უსწრაფესად დაწყება და შემდგომი დემარკაცია“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

წინა 51-ე რაუნდი 2020 წლის დეკემბერში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG