Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალიას განცხადებით, არ ჩარეულა „პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში


პაატა სალია
პაატა სალია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებას აქვეყნებს არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია. ის ეხმაურება ტოკშოუ „პროფილის" ავტორის მაია ასათიანის ანონსს. როგორც სალია ამბობს, „პროფილის" დახურვის ინიციატორი თავად ასათიანი იყო.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა - „პროფილის" ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის „პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

„პროფილის" დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - „შორენას ეფექტი", - ნათქვამია სალიას განცხადებაში.

როგორც სალია აღნიშნავს, მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა „პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა „რუსთავი 2“-იდან წასვლის შესახებ 25 მარტს განაცხადა.

„დღე მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია“, - თქვა მაია ასათიანმა გადაცემის ანონსში.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა.

17 მარტს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2" და „პრაიმ ტაიმი" ერთიანდებიან. ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი მიზანი მედიაბაზრის ლიდერობაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG