Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი ხსნის, რისთვის იქმნება კულტურის კოდექსი


„ვისაუბრეთ საკანონმდებლო ხარვეზებზე, იქნება ეს საავტორო უფლებების ნაწილში თუ სხვა, რომელიც ერთად უნდა გავასწოროთ. ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევძლოთ ის გაფანტული სამართლებრივი, მოძველებული ნორმები, ზოგი მუზეუმების კანონში, ზოგი კულტურის შესახებ კანონში, ან კიდევ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში, განვაახლოთ ერთ დოკუმენტში, კულტურის კოდექსში მოვუყაროთ თავი და თანამედროვეობას ვუპასუხოთ თანამედროვე კანონმდებლობით, რის გარეშეც ძნელი იქნება, რომ 2024 წელს ჩვენ განაცხადი გავაკეთოთ წევრობაზე ევროკავშირში“, – თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კულტურის კომიტეტში თანაგუნდელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ის, რომ სამინისტრო კულტურის კოდექსს შეიმუშავებდა, თეა წულუკიანმა მინისტრის რანგში პირველ ბრიფინგზე თქვა, სადაც მოადგილეები წარადგინა, თუმცა მაშინ არ დაუკონკრეტებია, რას შეიძლება გულისხმობდეს კულტურის კოდექსი.

კულტურის კოდექსი ახსენა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემაც, თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ:

"აუცილებლად უნდა ელოდოთ რეფორმებს. აუცილებლად იქნება რეფორმები გასაკეთებელი სახელოვნებო განათლების კუთხით. შემუშავდება კულტურის კოდექსი, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს და იქნება ახალი სიტყვა, ახალი წინგადადგმული ნაბიჯი. რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს, ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გაიგოს. რეფორმები გასაკეთებელია მომავალი თაობებისთვის. არ შეიძლება, ყველაფერი ერთ გაყინულ წერტილში იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თეა წულუკიანთან ერთად ვმუშაობ. კარგად ვიცი მისი სიღრმეები, თუ როგორ შეუძლია გაერკვიოს ყველა საკითხში. თეა წულუკიანი იქნება ძალიან წარმატებული. მას სხვადასხვა მიმართულებით ბევრი სიძნელის გადალახვა მოუხდება. მთავარი, რასაც ის გააკეთებს, იქნება ის, რომ გააკეთებს რეფორმებს. თეა წულუკიანი გააკეთებს ყველაფერს, რაც არის ქვეყნის ინტერესებში. მეც კომიტეტის ფარგლებში გავაკეთებ იმას, რაც ქვეყანას სჭირდება. კულტურის მიმართულებით არის რიგიდული, ძველი კანონები, ხოლო ახალი კანონები მორგებული იქნება ხალხის ინტერესებზე“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მინისტრის თქმით, კომიტეტთან შეხვედრისას, ისაუბრეს ასევე უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმასა და სახელოვნებო სასწავლებლების ინვენტარის გაუმჯობესებაზე.

„თითქოს ერთი შეხედვით პატარა საკითხებზეც ვისაუბრეთ, რაც უდიდესი მნიშვნელობის არის სინამდვილეში, ეს არის სხვადასხვა სასწავლებლებში, მაგალითად, ჩვენი მოსწავლეებისთვის უკეთესი და ხარისხიანი ინსტრუმენტების ქონა, რადგან არა მხოლოდ სკოლებში, სამუსიკო სკოლებში, არამედ კონსერვატორიაშიც კი, არის უმწვავესი დეფიციტი ინსტრუმენტების. მრავალი ამგვარი საკითხი იქნა კომიტეტის შეხვედრაზე განხილული, რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG