Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრს საქმის მასალებზე ხელი არ უნდა მიუწვებოდეს - ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები


ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატების განცხადებით, მათთვის ხელმისაწვდომი არ არის გარდაცვალების მიზეზების თაობაზე მიმდინარე ექსპერტიზის წინასწარი პასუხები, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებებთან, ექსპერტებსა და ოჯახთან მუდმივად ინარჩუნებენ კონტაქტს. ამავდროულად, მათი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი ფლობს წინასწარ ინფორმაციას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

„ქალბატონი ტიკარაძის განცხადებაში საუბარი იყო როგორც რეგულირების სააგენტოზე, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, ორივე დოკუმენტი ცნობილი უნდა იყოს როგორც გამოძიებისთვის, ასევე ჩვენთვის. თუმცა, აღმოჩნდა ცნობილი ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძისთვის, რადგან აკეთებს ასეთ განცხადებას, ვვარაუდობ, რომ ამის საფუძველი აქვს. თუმცა ქალბატონ ეკას არ უნდა ჰქონდეს ამ დოკუმენტებზე წვდომა, მაშინ როცა ჩვენ საერთოდ არ ვიცით, ანუ ოჯახს ამყოფებენ ინფორმაციულ ვაკუუმში და თავად ფლობენ ინფორმაციას ექსპერტიზიის დასკვნის შესახებ“, - ამბობს გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

ამასთან, როგორც ადვოკატი ნინო ამაღლობელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ვაქცინის (რომლითაც მეგი ბაქრაძე აიცრა) მწარმოებელი კომპანია „ასტრაზენეკას“ ბრიტანეთის ფილიალისგან დღეს მიიღეს წერილი, რომლითაც ითხოვენ ვაქცინაციამდე მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის დამადასტურებელ სამედიცინო დოკუმენტაციას, ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

„ჩვენი თხოვნა იყო, რომ ისინი ჩართულიყვნენ გამოძიებაში და მოეხდინათ რეაგირება და მათი რეაგირება მოხდა და მოიხოვეს საქმის მასალები. ჩვენ ახლა კლინიკა „იმედიდან“ ველოდებით ოფიციალურ პასუხს, ამპულაზე, ლაბორატორიის ჟურნალზე და სამედიცინო დოკუმენტაციას“, - ამბობს ნინო ამაღლობელი, რომლის თქმითაც, დღეს ელოდებიან ვაქცინაციამდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასაც.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის მასალებს, მისი სიტყვებით, „პროკურტურა აბრკოლებთ“.

„იმედია, ასეთ გლობალურ საკითხში არ შეგვიშლის ხელს საგამოძიებო უწყება და როგორც კი შევძლებთ საქმის მასალების დაუფლებას, შევძლებთ „ასტრაზენეკას“ გადავცეთ მასალები“, - ამბობს ნინო ამაღლობელი.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „გარკვეულ წინასწარ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით ამბობს, რომ შესაძლოა ახალციხელი ექთნის გარდაცვალების გამომწვევი პირდაპირი მიზეზი არ ყოფილა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მისი სიტყვებით, ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი როგორც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG