Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ანექსია, პატიმრები და პანდემია - რაზე ისაუბრა თბილისმა ჟენევაში


კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება - ეს ის საკითხებია, რომლებიც ქართულმა მხარემ 26 მარტს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდზე დააყენა.

„მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.

ქართულმა მხარემ, ასევე, ისაუბრა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხების შედეგად გამოწვეული ფატალური შედეგების შესახებ და განაცხადა, რომ აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს სამედიცინო მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეთ.

„ვრცელი საუბარი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე“, - აცხადებს საგარეო უწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, აქტიური დისკუსია გაიმართა ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით:

„საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების კრიტიკულ აუცილებლობას იმ ფონზე, როცა მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით“.

საგარეოს განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG