Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ დასავლეთის გეგმაა საქართველოს NATO-ში „დაჩქარებული ინტეგრაცია“


ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის შემდეგ, რუსეთი ლაპარაკობს საქართველოს NATO-ში დაჩქარებული ინტეგრაციის გეგმისა და თბილისის ანტირუსული რიტორიკის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების მიღწევა შეუძლებელია, თუ თბილისი სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს არ გააფორმებს:

„ასეთი დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობა, მათ შორის, ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში დაჩქარებული ინტეგრაციის გეგმის ჩათვლით“.

პრესრელიზის თანახმად, ჟენევაში რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე.

„დაძაბულობის შემდგომ შემცირებას, მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის უსწრაფესად დაწყებამ, მათი შემდგომი დემარკაციით“, - აცხადებს მოსკოვი.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG