Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“


შაბათს ბელარუსში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. ამასთან, უწყების წარმომადგენლის თქმით, შაბათს არ გამართულა მასობრივი არასანქცირებული აქციები.

დაკავებულთა შორის ბელარუსის მედიის მინიმუმ ხუთი ჟურნალისტია.

მანამდე ოპოზიციურად განწყობილი Telegram-ის არხები გამოვიდნენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მოწოდებით. ხელისუფლებამ ხალხი ძირითადად თეთრ-წითელ-თეთრი ეროვნული დროშის სიმბოლიკისთვის დააკავა.

ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შაბათისთვის დანიშნული გამოსვლების წინ დილიდანვე დაიწყო ხალხის დაპატიმრება. მინსკში შეიყვანეს სპეცტექნიკა, ბელარუსის ცენტრში თავი მოუყარეს ძალოვანი სტრუქტურების მრავალ თანამშრომელს.

ხელისუფლებამ წინასწარ განაცხადა, რომ შაბათის არასანქცირებულ აქციებზე დაკავებული ყველა პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.

უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე Telegram-ის არხებზე მოწოდებებისთვის, მონაწილეობა მიიღონ 27 მარტის არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში.

ამის შედეგად მინსკის ცენტრში არ გამართულა საპროტესტო მსვლელობა. ლუკაშენკას მოწინააღმდეგეებმა რამდენიმე ადგილობრივი მარში გამართეს დედაქალაქის მიკრორაიონებში.

ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ის ზედიზედ მეექვსედ გამოაცხადეს გამარჯვებულად. ლუკაშენკა 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა ლუკაშენკას არ აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG