Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კანდელაკი: კრიზისი უნდა გადავჭრათ და არა უბრალოდ შევარემონტოთ


გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ არავინ იცის, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შედგება თუ არა შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რადიო თავისუფლების მიერ დასმულ კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ეს ოპოზიციური ერთობის დაშლის ხარჯზე მოხდეს, იგი პასუხობს:

„ოპოზიციის უმრავლესობა არის ძალიან მტკიცედ საკუთარ პოზიციებზე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ახლა კრიზისის გადაგორება და ამ ყველაფრისთვის ლეგიტიმაციის მიცემა ნიშნავს, რომ მომავალში უფრო დიდი საფრთხეების და უფრო დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით. ამიტომ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს კრიზისი და არა უბრალოდ შევარემონტოთ პატარაზე“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. გუშინ, 28 მარტს, კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს, 29 მარტს დილით მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

XS
SM
MD
LG