Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ომსკის იმ საავადმყოფოს კიდევ ერთი ექიმი, რომელშიც ნავალნის მკურნალობდნენ


გარდაიცვალა ომსკის იმ საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული განყოფილების დირექტორი, რომელშიც გასულ ზაფხულს მოწამვლის შემდეგ მკურნალობდნენ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის.

ომსკის გადაუდებელი დახმარების ნომერ პირველი საავადმყოფო აცხადებს, რომ რუსტამ აგიშევი 26 მარტს გარდაიცვალა. "გასული წლის დეკემბერში რუსტამ აგიშევს დაემართა ინსულტი, და ამ დაავადების დაძლევა ვერ შეძლო", - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც სიკვდილის შესაძლო მიზეზებად ნახსენები არ არის სხვა, მათ შორის კრიმინალური ფაქტორები.

ნავალნი მწვავე მოწამვლით ამ საავადმყოფოში 20 აგვისტოს მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ცუდად გახდა ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ ავიარეისზე. პირველ ეტაპზე, საავადმყოფოს ექიმებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი მოწამვლა იყო, თუმცა შემდეგ ეს მიზეზი უარყვეს.

აგიშევის სიკვდილს ორი თვით უსწრებდა წინ საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის განყოფილების დირექტორის მოადგილის, სერგეი მაკსიმიშინის გარდაცვალება. მასკიმიშინი საავადმყოფოში, გულის შეტევით დაიღუპა - როგორც ამას 4 თებერვალს იუწყებოდა ჯანდაცვის რეგიონული სამინისტროს პრესსამსახური. ის 55 წლის იყო.

XS
SM
MD
LG