Accessibility links

site logo site logo

მერია: ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო


ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო, რაც ბზარების გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას გულისხმობს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის თანახმად, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს.

„როგორც იცით, წინა კვირაში გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ჩართული ექსპერტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. მისივე თქმით, ამის შემდგომ იგეგმება სხვა ღონისძიებები.

„სწორედ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი უშუალოდ მეწყრულ არეალში დროებითი გზების გაყვანა და კონკრეტული სამუშაოების წარმოება. ასევე, როგორც უკვე ვუთხარით მოსახლეობას, ამ კვირის ბოლოს მეწყერსაშიშ ადგილსა და მიმდებარე არეალში დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომლის საშუალებითაც გვექნება მეტად დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკურია.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG