Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: ალბათ ვუახლოვდებით მოლაპარაკებების დასასრულს


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ნაწილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონს შორის შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მოლაპარაკების დასრულების მომხრეა.

„ალბათ, ვუახლოვდებით მოლაპარაკებების დასასრულს. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მე ამის მომხრე ვარ და ეს არაერთხელ განმიცხადებია. ყველა ის საკითხი, რაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, აუცილებლად იქნება საბოლოო დოკუმენტშიც. ნამდვილად არ ვიცი საბოლოო შინაარსი, მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის მხარე გააკეთებს დღეს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ ისინი პროცესს დღეის შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, ორივე საკითხი პოლიტპატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება. რა იქნება შიგნით მოხსენიებული ან როგორი მეთოდით იქნება, რა მიდგომა იქნება გამოყენებული, ეს ნამდვილად არ ვიცი. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გეტყოდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ მაქვს“, - თქვა ვაშაძემ.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა შეძლონ შეთანხმება.

„ერთი რა შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიციაც ეს არის და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საბოლოო ნაბიჯებისკენ მივიდეთ. ან ხდება შეთანხმება ან ვერა, ორი ვარიანტია. ღიად და გულწრფელად გეუბნებით, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის მეგონა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და უნდა მოხდეს, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ამ დოკუმენტში ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნება“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. გუშინ, 28 მარტს კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

29 მარტს დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG